დავით გარეჯის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეებს 27 ოქტომბერს დაკითხავენ
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეებს 27 ოქტომბერს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დღეს სასამართლო სხდომა გაიმართა. საქმეს განმხილველი მოსამართლე შეეცვალა. დღეიდან მის არსებით განხილვას მოსამართლე ნინო ნაჭყებია განახორციელებს. მოსამართლე დალი მეტრეველი კი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქმეს ჩამოსცილდა და მისი საქმეები სხვა მოსამართლეებს დაეწერათ.

სწორედ ამ მიზეზით, დღევანდელ სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. განისაზღვრა მომდევნო სხდომების თარიღები. კერძოდ, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები 27 ოქტომბერს დაიკითხებიან.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.

ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მიმდინარე წლის 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გირაოს ოდენობამ თითოეულისთვის 20 000 ლარი შეადგინა. ბრალდების მხარე 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა ცვლილებებით დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების დაკავებულების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

ამასთან, პროკურატურამ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.