პროკურორი ამირან გულუაშვილი - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით

დადგენილია, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ბრალდებული წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

შესაბამისად, როგორც პროკურორმა განმარტა, ქართულმა მხარემ შეასუსტა 2006 წლამდე არსებული პოზიცია, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე სრულად ხვდებოდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და აზერბაიჯანთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე დათანხმდა საზღვრის ისე გავლებას, რომ მონასტრის ნაწილი უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცეულიყო. ამასთან, ცნობილია, რომ ეს ზეპირი შეთანხმება ოფიციალურად არ გაფორმებულა.

ვინ იგულისმებიან ზემდგომ პირებში, რომლებისგანაც, პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულები დავალებებს იღებდნენ, დღევანდელ ბრიფინგზე არ დაკონკრეტებულა. თუმცა, ჩანაწერში, რომელიც დღეს პროკურატურამ გაასაჯაროა, არაერთხელ არის ნახსენები 2006-2007 წლებში სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე გიორგი მანჯგალაძე.

გამოქვეყნებულ ჩანაწერში, კომისიის მოქმედი წევრი მალხაზ მიქელაძე ივერი მელაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მელაშვილის კაბინეტში, 2006 წლის კომისიის შეთანხმების შესახებ კითხვებს უსვამს. მელაშვილი აცხადებს, რომ ჩიჩხიტურის მონაკვეთზე ქართული მხარის შეცვლილ პოზიციას ხელს არ აწერდა და გიორგი მანჯგალაძესაც ურჩია, რომ მასზე ხელი არ მოეწერა. პროკურორის განცხადებით, ჩანაწერში ბრალდებულის საუბრით ასევე დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

კერძოდ, პროკურორის თქმით, მელაშვილი ჩანაწერში საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები მუშაობის პროცესში მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას. ქართული მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოსთვის ტერიტორია არ დაუთმია.

პროკურორ ამირან გულიაშვილის განცხადებით, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, 13 მონაკვეთზე დაკარგვის საფრთხე შეექმნა საქართველოს ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს, დაახლოებით 3 500 ჰექტარს.