დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

დავით გარეჯის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. საქმეზე ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატის გიორგი მახარაძის განცხადებით, ახალი მტკიცებულების წარდგენასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ.

„პირველ რიგში, გვექნება შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების წარდგენასთან დაკავშირებით და ეს ეხება მოძრაობა „დროას“ მიერ მომზადებულ ვიდეოს, ე.წ. საგამოძიებო ჟურნალისტურ პროდუქტს, რომელიც ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმეს, ხიდაშელს და მის კავშირებს როგორც რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან, ასევე სპეცსამსახურებთან. ჩვენი აზრით, ესენი მნიშვნელოვანი ფაქტებია, რომლებზეც სასამართლომ აუცილებლად უნდა იმსჯელოს.

ასევე, ჩვენ გავაგრძელებთ უკვე შესავალი სიტყვის ეტაპს. მზად ვართ, მოწმეების დასაკითხადაც. შესავალ სიტყვაში ვისაუბრებთ მოკლედ, ძირითადად, მშრალ ფაქტობრივ გარემოებებთან, რაც ნატალიას დაცვისთვის არის მნიშვნელოვანი. ასევე ვისაუბრებთ სასამართლოს მეგობრის პოზიციაზე, რომელიც საინტერესო დოკუმენტია. სამწუხაროდ, ევროკონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველი პირდაპირ ამბობს, რომ პოლიტიკური მიზნები ამ საქმეში ნათელია და ამას ადასტურებს ისიც, რომ პროკურატურის მიერ დანიშნული ექსპერტიზა ჩატარდა ოთხ დღეში, დაცვის მხარის ექსპერტიზის დანიშვნას კი ორი თვე მოუნდნენ, ერთი და იგივე ექსპერტების მონაწილეობით“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულის ივერი მელაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის ე.წ. ხიდაშელის რუკის ვარგისიანობასთან დაკავშირებით რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

„ველოდებით რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა საქმის სირთულის გამო, დროში არის გაწელილი, ამიტომ არანაკლებ ოთხი ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით. რას ცვლის დასკვნა, ჯერ ვერ გეტყვით. როდესაც იქნება, მაშინ შეგვიძლია საუბარი შინაარსზე, ჩვენს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი დანიშნულია 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის ე.წ. ხიდაშელის რუკის ვარგისიანობასთან დაკავშირებით, რადგან სამწუხაროდ, გამოძიებას ეს კითხვა არ დაუსვამს არც ერთ ეტაპზე ექსპერტებისთვის. ჩვენ კიდე ვთვლით, რომ ეს რუკები არ იყო ვარგისიანი და სწორედ ამ მიზეზის გამო არ მოხდა მათი გამოყენება დელიმიტაციის პროცესში. ასევე, არის სხვა საკითხები, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში შესადარებელი. საზღვრის ხაზები მოხსნილია იმ გეოგრაფიული აღწერების გაუთვალისწინებლად, რომელზეც ძველ თუ ახალ რუკებზე დატანილი იყო ეს საზღვარი. მაგალითად, თუ საზღვარი გადიოდა მდინარეზე, აღნიშნული საზღვარი დღესაც გადის მდინარეზე, მაგრამ თუკი მდინარე არასწორად იყო დახატული რუკაზე, მიიჩნევა, რომ ეს არის ტერიტორიებს შორის სხვაობა, რაც არასწორია“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ექსპერტიზებთან დაკავშირებით საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ არც პროკურატურის მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნაა ცნობილი და ამ მიმართულებით ყველაფერი სამართლიანად ხდება.

ამასთან, როგორც სადრაძე ამბობს, საქმე არსებითად გადაეცა სასამართლოს განსახილველად. მისივე თქმით, შემდეგი პროცესიდან მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.

„საქმე არსებითად გადაეცა სასამართლოს განსახილველად. უკვე შემდგომი პროცესიდან დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა რაც გულისხმობს წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას, მოწმეების დაკითხვას, ვიდეომასალას და ასე შემდეგ. მხოლოდ ერთი ადვოკატის შესავალი სიტყვა მოვისმინეთ წინა პროცესზე და რაიმე ახალი, რაც მანამდე არ გაუჟღერებია, არ ყოფილა, შესაბამისად, მოვისმენთ მის პოზიციებს. როგორც დაცვის მხარეს აქვს დანიშნული ექპსერტიზის ბიუროში ექსპერტიზა, ასევე ჩვენ გვაქვს დანიშნული, არც ჩვენი დასკვნა მოსულა. შესაბამისად, ამ მიმართულებით მგონია, ყველაფერი სამართლიანად არის. რაც შეეხება საკითხს, თითქოს ოთხ დღეში დასრულდა ჩვენ მიერ დანიშნული ექსპერტიზა, ეს არ არის სწორი, რადგან როდესაც ექსპერტიზა დაინიშნა (ეს შეადგინა შვიდმა ექსპერტმა, თუმცა ერთი ექსპერტი მონაწილეობდა თავიდანვე, ხოლო დანარჩენი ექვსი დაემატა), მიუხედავად არაერთი კითხვისა, ამ ექსპერტიზამ გასცა ერთ კითხვას პასუხი, აქედან გამომდინარე, არასწორი ფაქტების ციტირება ხდება  დაცვის მხრიდან“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

თავად ბრალდებული ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ დამნაშავე არაა და პროცესი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

„ამ საქმეში არც მე და არც ნატალია დამნაშავეები არა ვართ, ბინძური ბრალდება იყო წამოყენებული, ვფიქრობ, პოლიტიკური მიზნებისთვის და მთლიანად ეს პროცესი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.