ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს
ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულებმა, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდში მათი უფლებების დარღვევის აღიარება მოითხოვეს.

საჩივრის ავტორი იურისტი დავით ჯანდიერია, რომლის ინფორმაციითაც, ბრალდებულები სტრასბურგის სასამართლოში კონვენციის ორი მუხლის დარღვევის აღიარებას ითხოვენ.

როგორც დავით ჯანდიერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საჩივარი სტრასბურგში რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა.

„საჩივარში საუბარია კონვენციის მეხუთე მუხლის დარღვევასა და მეხუთე მუხლის დარღვევაზე კონვენციის მე-18 მუხლთან მიმართებაში. პირველი მოთხოვნა უკავშირდება თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, საუბარია იმაზე, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავება არ შეესაბამებოდა კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. კონვენციის სტანდარტს ასევე არ შეესაბამებოდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება როგორც თავდაპირველად, ასევე შემდგომ პატიმრობის გაგრძელებები.

რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, საუბარია მე-18 მუხლზე, ანუ უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებზე. ჩვენ მიერ მითითებულია, რომ რეალურად დაკავების უკან იდგა არა სისხლის სამართლებრივი მოტივები, არა მართლმსაჯულების მოტივები, არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესი. გაგზავნილ საჩივარში საუბარია მხოლოდ დაკავებების ნაწილსა და პატიმრობის პერიოდზე, 2021 წლის 28 იანვრამდე და არა არსებით ნაწილზე, რომელზეც მიმდინარეობს საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში“, – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

დატოვე კომენტარი