ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე აშშ-ის პრეზიდენტს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას მხარდასაჭერად წერილით მიმართავენ
ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე აშშ-ის პრეზიდენტს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას მხარდასაჭერად წერილით მიმართავენ

ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას მხარდასაჭერად წერილით მიმართავენ. მათ აშშ-ის საელჩოში წერილი ცოტა ხნის წინ შეიტანეს.

როგორც წერილის ავტორები აცხადებენ, მხარდაჭერას უცხადებენ გიორგი რურუასა და ნიკა მელიას. წერილის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს, დიპლომატიური გზავნილებითა და სხვადასხვა საშუალებით მოახდინოს გავლენა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე.

„დღევანდელი წერილის მოტანის მიზანი არის მხარდაჭერა და საბოლოოდ ამოცანაა, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, როგორც ბატონი რურუა, ასევე მელია არიან პოლიტიკური დევნილები, ისევე, როგორც ჩვენ ვიყავით თავის დროზე. შესაბამისად, მხარდაჭერას გამოვთქვამთ, ვისწრაფვით იმისკენ, რომ ეს შეწყდეს. ეს არის მხოლოდ ფორმა, რომ ამერიკულმა მხარემ მოახდინოს საქართველოს მთავრობაზე ძალისხმევა, რათა მთავრობა რაღაცნაირად აიძულონ. ეს ვნებს საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან. ეს მავნებლობა უნდა აღიკვეთოს, აი, ამისკენ არის მიდრეკილი ძალისხმევა. მოლოდინი გვაქვს, რომ რაღაც გავლენას მოახდენს“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

აკაკი კობალაძის თქმით, მელია და რურუა სერგეი გავრილოვის გამო არიან დაკავებულნი.

„ჩვენ, ოთხი ყოფილი პოლიტიკური პატიმარი და დღეს, პოლიტიკური მძევლები: ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე მივმართავთ პრეზიდენტ ბაიდენს პოლიტიკური პატიმრების მხარდასაჭერად. 21-ე საუკუნეში, ევროპულ სახელმწიფოში და ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში გვყავს ორი პოლიტიკური პატიმარი – გიორგი რურუა და ნიკა მელია. გაუგონარი ფაქტია აღნიშნული მდგომარეობა საქართველოსთვის, მაგრამ „ქართული ოცნების“ მმართველობის გამო, მოვედით აქამდე. მივმართავთ პრეზიდენტ ბაიდენს, რათა მან, როგორც დემოკრატიული სამყაროს ლიდერმა, მოახდინოს გავლენა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე. სირცხვილია, რომ ეს ორივე პოლიტიკური პატიმარი გავრილოვის გამოა დაკავებული. როდესაც გავრილოვის გამო აკავებ ადამიანებს, ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. სირცხვილია ის, რაც ხდება საქართველოში“, – განაცხადა აკაკი კობალაძემ.