პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ზაალ უდუმაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.
უდუმაშვილმა პარლამენტს წერილობით მიმართა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 30 მაისს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა დაადგინა და ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
საკითხის განხილვის პარალელურად, კომიტეტის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი ადგილმონაცვლეების საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის ინიციატივით გამოვიდა.
„ხომ არ შეგვიძლია, მივაღწიოთ ბოლოს და ბოლოს იმ შეთანხმებას, რომ ადგილმონაცვლეების საკითხი გადავწყვიტოთ საკანონმდებლო გზით. მესმის, რომ ვითარებიდან გამომდინარე, მაშინდელი ოპოზიციის პოლიტიკური გადაწყვეტილება სხვაგვარი იყო. ახლა პრაქტიკულად შეიძლება, ითქვას, აღმოჩნდა, რომ ჩვენვე ვაყენებთ ამ ინიციატივას და ვითხოვთ, ადგილმონაცვლეების საკითხი განსაზღვრული იყოს, რადგან ასე შეიძლება, მართლა მივიდეთ ნიშნულამდე, რითაც დავიწყეთ, ვიდრე შემოვიდოდით პარლამენტში. მემკვიდრეობის, პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპი დაცული რომ იყოს, რაც მთავარი პრინციპია საკანონმდებლო ორგანოს ფორმირებისთვის, ვფიქრობ, კონსულტაციების დაწყება ამ თემასთან დაკავშირებით მაინც აქტუალური, უპრიანიც იქნება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ლევან ბეჟაშვილის წინადადებას გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
„ამ შემთხვევაში, ბატონო ლევან, მგონი, ჩამოსაყალიბებელი თქვენ მხარეს უფრო მეტია, რადგან თქვენი პარტიის, ვგულისხმობ, „ნაციონალურ მოძრაობას“, ბევრი წევრი დღესაც თვლის, რომ ის იმყოფება არალეგიტიმურ პარლამენტში. ბოლოს და ბოლოს, უნდა ჩამოყალიბდეთ. ის საკითხი, რაც თქვენ თქვით, შეიძლება, სამართლებრივ ჭრილში რაღაც დონეზე კონსულტაციებისთვის იყოს საფუძვლიანი, მაგრამ ერთ შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარე მიდის პარლამენტიდან თავისი ნებით, ზაალ უდუმაშვილი ასევე თავისი ნებით მიდის, თქვენი კოლეგა ბევრჯერ ამბობს, რომ უნდა წავიდეს ოპოზიცია პარლამენტიდან. თუ პოლიტიკური კონტექსტი იქნება ისეთი, რომ პარლამენტი არის პოლიტიკური, ქმედითი ორგანო, სადაც მიუხედავად პოზიციებისა, მაინც უნდა იმუშაოს პარლამენტის წევრმა, ამ შემთხვევაში, ბევრ საკითხზე, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებითაც შეიძლება, რაღაცა კონსულტაციები იყოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ 29 მაისს განაცხადა. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ის მედიაში ბრუნდება. მოგვიანებით, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ მეათე მოწვევის პარლამენტსაც ტოვებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილს პარლამენტში ვერ ჩაანაცვლებს, რადგან პარტიას საარჩევნო სია ჩახსნილი აქვს. პარტიას პარლამენტში 29 დეპუტატი ეყოლება.