საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი დეპუტატი ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე შესაბამისი უწყების მიერ გამოძიებას ითხოვს
საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი დეპუტატი ლევან კობერიძე, გიორგი მოსიძე, გედევან ფოფხაძე და ირინა ფრუიძე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე უმოკლეს ვადებში შესაბამისი უწყების მიერ გამოძების ჩატარებას ითხოვს.
როგორც დეპუტატმა ლევან კობერიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, გამოძებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლის ფაქტებს. კობერიძის თქმით, ასეთის დადგენის შემთხვევაში, დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.
„ა.წ. 9 დეკემბერს მოხდა ძალზე სამწუხარო ფაქტი: ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი ია კერზაია, რომელიც ბოლო 11 წელი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობდა. ვწუხვართ ახლობლებთან ერთად და გამძლეობას ვუსურვებთ ოჯახს.
ქალბატონი იას გარდაცვალებამ საზოგადოებაში გააჩინა შეკითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც ჩვენთვის პრინციპულ აუცილებლობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ უმოკლეს ვადებში (მაქსიმალური ვადა – 1 თვე), შესაბამისმა უწყებამ უნდა ჩაატაროს გამოძიება, რომელიც დაადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლის ფაქტებს და ასეთის დადგენის შემთხვევაში, დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.
ამავე დროს, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ მოხდა მოქალაქის წერილის საფუძველზე ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირება მაინც და მაინც საარჩევნო პერიოდში, სახელდობრ პირველ და მეორე ტურებს შორის.
ვთვლით, რომ სამინისტროს მიერ უკვე გამოქვეყნებული განცხადება არასაკმარისად პასუხობს ამ შეკითხვას. პასუხგაუცემელი კითხვები ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის განცდას და აჩენს უნდობლობას სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პოზიცია გაზიარებული იქნება საპარლამენტო უმრავლესობაში და მოჰყვება დროული რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან“,- აცხადებს კობერიძე.