საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღაზე და შესაბამისად, ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს
საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღაზე და შესაბამისად, ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს.
როგორც პირველ არხს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, ცვლილებები ქვედა ინსტანციებში, სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცედურებს ეხება.
„ვიდრე შესაბამისი ცვლილებები ძალაში იქნება მიღებული, პროექტი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას შეაჩერებს. კანონპროექტის შექმნით პარლამენტის თავმჯდომარე აქტიურად არის დაკავებული. ერთია, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა და შესაბამისი პროექტის ინიცირება დღეს მოხდა, რაც ცალკე პროცესია, რადგან უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს საქართველოს პარლამენტი ნიშნავს და ჩვენს ხელშია პასუხისმგებლობაც და მექანიზმიც, რომ მოსამართლეები განვამწესოთ და ღირსეული მოსამართლეები დავნიშნოთ.
ამის გარდა, დამატებით სხვა პაკეტზე ვმუშაობთ, რომელიც გულისხმობს ქვედა ინსტანციებში, სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცედურებს. ეს კანონპროექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პირველ და მეორე ინსტანციებში დანიშვნის დროს გადაწყვეტილების მიღების წესს, დისციპლინურ პასუხისმგებლობას ეხება, თუკი მოსამართლე დისციპლინური ქცევის წესებს არღვევს.
ე.წ. მეოთხე ტალღას ველოდებოდით, ეს ყველაფერი სწორედ ამ რეფორმას გულისხმობს. დამატებით ვამბობთ, რომ ვიდრე ხარვეზები არ გამოსწორდება, მანამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა შეჩერდეს. მოვაწესრიგებთ როგორც უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის წესებს, ასევე მეოთხე ტალღას. „მეოთხე ტალღა“ საგაზაფხულო სესიის ბოლოს უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
დეპუტატის თქმით, 2024 წელს, ე.წ. პრობაციის გამოყენება, ანუ, გამოსაცდელი ვადით მოსამართლეების დანიშვნა სრულიად უნდა დასრულდეს.
„თუ ვიტყვით, რომ მოსამართლეები 2024 წლამდე აღარ ინიშნებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას, რომელსაც 400 მოსამართლე სჭირდება, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, 150 მოსამართლის ბედად და იმედად რჩება, რაც ქართული სამართლებრივი სისტემისთვის სრული კოლაფსი იქნება. ეს შედეგის მომტანი არ არის, ამ ყველაფერს შეიძლება მხოლოდ ნეგატიური შედეგი ჰქონდეს, მაგრამ ხარვეზები უნდა გასწორდეს და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.