„სანტიაგო ბერნაბეუდან“ „დინამო“ აპლოდისმენტებითა და ოვაციებით გააცილეს - ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ რამაზ შენგელია გაიხსენა #1TVSPORT
„სანტიაგო ბერნაბეუდან“ „დინამო“ აპლოდისმენტებითა და ოვაციებით გააცილეს - ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ რამაზ შენგელია გაიხსენა #1TVSPORT

ესპანეთი-საქართველოს შეხვედრამდე პოპულარულ ესპანურ გამოცემა „მარკაში“ გამოქვეყნდა მიგელ ანგელ ლარას წერილი რამაზ შენგელიაზე – სტატია 1981 წელს „სანტიაგო ბერნაბუეს თასზე“ ლეგენდარული „დინამოს“ გამოსვლას მიეძღვნა.

„რამაზ შენგელია ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სსრკ-ს ნაკრების თავდამსხმელი იყო. მან წარმოუდგენელი გოლი გაუტანა ბრაზილიას, მაგრამ არ ჩაუთვალეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც საქართველოს ისტორიაში გამორჩეულ პიროვნებებს კრძალავენ. ის ხვიჩა კვარაცხელიამდე თავისი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

შენგელიას ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ესპანეთთან. არა იმიტომ, რომ მან თავისი კარიერა რომელიმე ესპანურ გუნდში გაატარა. მისი ერთადერთი გამოცდილება საბჭოთა კავშირის გარეთ შვედეთში ხანმოკლე თამაში იყო. ქართველი თავდამსხმელი 1982 წელს ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სსრკ-ს ნაკრების მე-9 ნომერი იყო. მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში მსაჯობასთან დაკავშირებულ მრავალ სკანდალეს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1982 წლის 14 ივნისს სანჩეს-პისხუანის სტადიონზე საბჭოთა კავშირი-ბრაზილიის მატჩის დროს მომხდარ ამბავს. ახალგაზრდა საბჭოთა გუნდმა, რომელიც სევილიაში მატჩამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე ჩავიდა, ყოვლისშემძლე ბრაზილია ლამის „თოკით“ ჩამოკიდა.

საბჭოთა კავშირის ნაკრები პირველ ტაიმში დაწინაურდა, მაგრამ 85-ე წუთზე, ანგარიში 1:1 რომ იყო, ლამო კასტილიომ შენგელიას გოლი არ ჩათვალა.

„ეს მატჩი ბრაზილიამ კი არა, მსაჯმა მოიგო“, – თქვა მაშინ საბჭოთა მწვრთნელმა, კონსტანტინე ბესკოვმა.

ესპანელებისთვის გვარი შენგელია უცხო არ იყო. 1981 წლის სექტემბრის დასაწყისში თბილისის „დინამო“ მიიწვიეს „სანტიაგო ბერნაბეუს თასზე“ სათამაშოდ, როგორც წინა სეზონის თასების მფლობელთა თასის მფლობელი. ქართველები ნახევარფინალში მისი ორი გოლის მიუხედავად, მადრიდის „რეალთან“ 4:2 დამარცხდნენ. „ბაიერნთან“ მესამე ადგილისთვის მატჩში შენგელიამ ისევ ორი გოლი გაიტანა და „დინამო“ 2:1 იგებდა, მაგრამ 44-ე წუთზე მატჩი შეწყდა. ეს იმის გამო მოხდა, რომ შეხვედრის მსაჯი პეს პერესი დაიღალა გერმანელების პროტესტით, რომელთაც რუმენიგე და ბრაიტნერი ხელმძღვანელობდნენ და მატჩი შეაჩერა. ეს მოხდა მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობის მოთხოვნის მიუხედავად, რომ თამაში გაეგრძელებინათ. „სანტიაგო ბერნაბეუდან“ აპლოდისმენტებითა და ოვაციებით გააცილეს „დინამო“, სადაც ვარსკვლავი შენგელია იყო.

რამდენიმე თვის შემდეგ შენგელია „ბერნაბეუზე“ დაბრუნდა. ეს იყო 1982 წლის 11 თებერვალს, ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატამდე, სადაც საბჭოთა კავშირი ამხანაგურ მატჩზე ახალი ტაბლოს დამონტაჟებასთან დაკავშირებით მიიწვიეს. ის მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა თავისი თანამემამულე დარასელიასთან, „დინამოსა“ და საბჭოთა ნაკრების ვარსკვლავთან ერთად, რომელიც 1982 წლის დეკემბერში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ის მატჩი კი 2:2 დასრულდა.

რამაზ შენგელიას საფეხბურთო ნიჭი სწრაფად გამოვლინდა. ქუთაისის „ტორპედოს“ ძირითად გუნდში სადებიუტო მატჩი სულ რაღაც 16 წლის ასაკში ჩაატარა. მალე მას თბილისის „დინამომ“ მიაპყრო ყურადღება და 1977 წელს გადაიყვანა. ერთი წლის შემდეგ კი, სულ რაღაც 21 წლის ასაკში, ყველაზე ცნობილ საბჭოთა ვარსკვლავს, ოლეგ ბლოხინს გაუსწრო წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში. 1979 წელს მისი ვაჟის, გიორგის დაბადებამ ყველაფერი შეცვალა.

რამაზი „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ვარსკვლავი გახდა. 1981 წელს საბჭოთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი კვლავ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა, სადაც „დინამომ“ ფინალში 2:1 დაამარცხა აღმოსავლეთ გერმანიის იენას „კარლ-ცაისი“. 1983 წლის ივლისში გდრ-სთან წაგებულ (1:3) შეხვედრაში მან სსრკ-ის მაისური უკანასკნელად მოირგო.

შვედეთში სულ რაღაც ერთწლიანი თავგადასავლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, სსრკ-მ კი არსებობა შეწყვიტა. შენგელია საქართველოს ფედერაციაში მუშაობდა, იყო საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი. იქ კვლავ შეხვდა ალექსანდრე ჩივაძეს, თავის თანაგუნდელს და ესპანეთის 82 წლის ჩემპიონატზე საბჭოთა ნაკრების კაპიტანს.

შენგელია საქართველოს უდიდეს მოთამაშედ იყო აღიარებული. ბავშვებს უნდოდათ, რომ შენგელიას დამსგავსებოდნენ, დღეს კი სურთ, რომ იყვნენ კვარაცხელია – ვარსკვლავი, რომლის საქართველოს ნაკრებსაც ევრო 2024-ის პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს“, – წერს „მარკა“.