1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ“ ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ევროპული თასი მოიგო. გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართული ამ ისტორიული მატჩიდან 45 წელი გავიდა.
ბევრმა არ იცის, რომ 1980/81 წლების თასების მფლობელთა თასზე თბილისის „დინამოს“ საერთოდ არ უნდა ეთამაშა და ტურნირზე ნოდარ ახალკაცის გუნდი, ფაქტობრივად, შემთხვევით მოხვდა. საქმე ისაა, რომ თბილისურმა გუნდმა 1979 წლის სსრკ-ის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და 1980/81 წლების სეზონში უეფა-ს თასზე ასპარეზობისთვის ემზადებოდა.
მაგრამ მოულოდნელი ვითარება შეიქმნა. ევროპის ტურნირების წილისყრა ივლისის დასაწყისში გაიმართა, ხოლო 1980 წლის სსრკ-ის თასის ფინალი დაგვიანებით, 11 აგვისტოს დაინიშნა. ამის მიზეზი 1980 წელს მოსკოვში გამართული ოლიმპიური თამაშები იყო, სადაც „დინამოს“ რამდენიმე ფეხბურთელი მონაწილეობდა.
უეფა-მ უკმაყოფილება გამოთქვა თასის ფინალის გადადების გამო და სსრკ-ს დაემუქრა, რომ თასების მფლობელთა თასზე მის წარმომადგენელს აღარ დაუშვებდა. თუმცა საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციას გაუმართლა, რადგან ფინალისტების ვინაობა ჯერ კიდევ მაისში გაირკვა – წინა ჩემპიონატის მეორეადგილოსანი დონეცკის „შახტარი“ და მეოთხეადგილოსანი თბილისის „დინამო“.
ორივე გუნდს უკვე განაღდებული ჰქონდა უეფა-ს თასის (ევროპალიგის წინამორბედი ტურნირის) საგზური, ამიტომ საბჭოთა ფედერაციამ წინასწარ გადაწყვიტა, რომ, ფინალის შედეგის მიუხედავად, „შახტარი“ უეფა-ს თასზე ითამაშებდა, ხოლო „დინამო“ – თასების მფლობელთა თასზე.
საბოლოოდ, უეფა ამ ვარიანტსაც დათანხმდა, თუმცა ერთი პირობით – ამის შემდეგ სსრკ-ში თასის ფინალები ევროპის ტურნირების წილისყრამდე, ანუ ივლისამდე უნდა ჩატარებულიყო.

„დინამომ“ ფინალამდე რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა. 1/16-ფინალში საბერძნეთის „კასტორია“ დაამარცხა, 1/8-ფინალში – ირლანდიური „უოტერფორდი“, 1/4-ფინალში – ლონდონის „ვესტ ჰემი“, 1/2 ფინალში კი – როტერდამის „ფეინოორდი“.
თბილისის „დინამოსთვის“ ევროპული თასის მოპოვება ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია. ფინალში ანგარიში გერმანელებმა 63-ე წუთზე გერჰარდ ჰოპეს გოლით გახსნეს. ოთხ წუთში ვლადიმერ გუცაევმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე (87) ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ყველაზე რთული როტერდამის „ფეიენოორდთან“ ნახევარფინალი იყო. 1981 წლის 8 აპრილს თბილისში გამართული მატჩი „დინამომ“ 3:0 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა 22 აპრილს როტერდამში ჩატარდა და „ფეიენოორდმა“ 2:0 გაიმარჯვა.
თბილისის „დინამო“ – იენის „კარლ ცაისი“ 2:1
გოლები: 0:1 გერჰარდ ჰოპე (63), 1:1 ვლადიმერ გუცაევი (67), 2:1 ვიტალი დარასელია (87)
თბილისის „დინამო“: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, გიორგი თავაძე, ვიტალი დარასელია, დავით ყიფიანი, ზაურ სვანაძე (ნუგზარ კაკილაშვილი), ვლადიმერ გუცაევი, რამაზ შენგელია.
მთავარი მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
იენის „კარლ ცაისი“: ჰანს-ულრიხ გრაპენტინი, გერდ ბრაუერი, როდიგერ შნუფხაზე, ლოთარ კიურბუვაიტი, ვოლფგან შილინგი, გერჰარდ ჰოპე (ულრიხ ევერმანი), ანრეას კრაუზე, ლუტც ლინდემანი, ანდრეას ბელაუ (ტომას ტეფერი), იურგენ პააბი, ებერჰარდ ფოგელი.
მთავარი მწვრთნელი: ჰანს მაიერი