ეროვნული ლიგა | თბილისის „დინამომ“ „მეშახტე“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ეროვნულ ლიგაში, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, მორიგი დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა და ტყიბულის „მეშახტე“ 6:1 დაამარცხა.
წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ გამართული მე-16 ტურის შეხვედრა თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე ტაიმში ნუმან კურდიჩის (მე-5 წთ), მათე ვაწაძისა (მე-20 წთ) და ნიკოლოზ უგრეხელიძის (27-ე წთ) გოლებით 3:0 დაწინაურდნენ.
შესვენების შემდეგ თბილისელთა უპირატესობა აბდულაი იორომ (63-ე წთ) გაზარდა. 67-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ძმას, თორნიკეს, სადებიუტო გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. 73-ე წუთზე მასპინძელთა შემტევმა, მათე კვირკვიამ სხვაობა შეამცირა, თუმცა მატჩის მიწურულს აბდულაი იორომ (83-ე წთ) და ირაკლი სირაძემ (87-ე წთ) „მეშახტეს“ კიდევ ორი გოლი გაუტანეს.
მე-16 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 25 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, ხოლო ტყიბულის „მეშახტე“ 10 ქულით ბოლო, მე-10 პოზიციაზეა.