სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 13 წელი გავიდა. მის საფლავზე ოჯახის წევრები და მეგობრები მივიდნენ.
სანდრო გირგვლიანის მამის გურამ გირგვლიანის განცხადებით, ამდენი წლის მიუხედავად, საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის და სამართალდამცველებს არ დაუდგენიათ თაკო სალაყაიას პასუხისმგებლობის საკითხი.
„ველოდებით. უნდა დაიწყოს სასამართლო განხილვა და იმედი მაქვს, ამ საქმის დამკვეთები საბოლოოდ წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. გამოძიება მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ ექვსი წელი გავიდა ამ გამოძიების დაწყებიდან, ბოლომდე დასრულებული ჯერ არ არის. ჩვენ პირველი დღიდან ვიბრძოდით, რათა დასჯილიყვნენ მკვლელობის დამკვეთები, სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან მელნიკოვმა ის პირები დაასახელა, ვისგანაც დაკვეთა მიიღო. იმედი ყოველთვის არსებობს და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – განაცხადა გურამ გირგვლიანმა.
2006 წლის 27 იანვარს „შარდენბარში“ დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ალექსანდრე გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე.
გამტაცებლებმა ალექსანდრე გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. გირგვლიანის მკვლელობის საქმე უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული იყო.