მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის განაჩენი ევროპის სასამართლოს რეკომენდაციების ლოგიკური შედეგია
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის განაჩენი ევროპის სასამართლოს რეკომენდაციების ლოგიკური შედეგია

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ლოგიკურს და ობიექტურს უწოდებს.

“საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილის მიმართ დღევანდელი განაჩენი ეს გაგრძელება და თავის დროზე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიერ გამოტანილი რეკომენდაციების ლოგიკური შედეგია. სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში განხორციელებულ მართლმსაჯულებაზე შეშფოთება გამოთქვა. გაგრძელება იმას ნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციების საფუძველზე ობიექტური გამოძიება და ობიექტური მართლმსაჯულება წარიმართა. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი დამნაშავე იქნა ცნობილი. ამაში ალოგიკური არაფერია. კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა დადგინდა და სასამართლომ ამის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა”,-განაცხადა მდინარაძემ

მამუკა მდინარაძე ვერ აკონკრეტებს, გირგვლიანის საქმის გამო, შესაძლებელია თუ არა ყოფილი პრეზიდენტის უკრაინიდან ექსტრადირება.

“გირგვლიანის საქმის გარდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სხვა საქმეებიც არის. საქართველოს პროკურატურას უკრაინული მხარისათვის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით რამდენიმეჯერმე აქვს მიმართული და სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს. ექსტრადირება მოხდება თუ არა, დღეს ჩვენ ზუსტად არ შეგვიძლია ვთქვათ”,- განაცხადა მდინარაძემ.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წალმდე შემცირდა.