სანდრო გირგვლიანის საფლავზე ოჯახის წევრები და მეგობრები მივიდნენ [ფოტო]
სანდრო გირგვლიანის საფლავზე ოჯახის წევრები და მეგობრები მივიდნენ [ფოტო]

სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 12 წელი გავიდა. მის საფლავზე ოჯახის წევრები და მეგობრები მივიდნენ.

სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი აცხადებს, რომ გამოძიების იმედი აქვს.

„იმედი მაქვს, გამოძიება ისეთი მიმართულებით წავა და უფრო აქტიურად იმუშავებენ, რომ მკვლელი გამოავლინონ და გავიგებთ, პირადად ვინ მიაყენა ეს ჭრილობები სანდროს ყელის არეში“, – განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

2006 წლის 27 იანვარს „შარდენბარში“ დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ალექსანდრე გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე.

გამტაცებლებმა ალექსანდრე გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. გირგვლიანის მკვლელობის საქმე უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული იყო.

განახლებული გამოძიების ფარგლებში, ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია კიდევ 7 პირის, მათ შორის ივანე მერაბიშვილის და ბაჩანა ახალაიას მიმართ, ხოლო დავით ახალაიას მიმართ საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.