სამყარო იმაზე სწრაფად ფართოვდება, ვიდრე გვეგონა — მეცნიერება დიდი საიდუმლოს ამოხსნის ზღვარზე
სამყარო იმაზე სწრაფად ფართოვდება, ვიდრე გვეგონა — მეცნიერება დიდი საიდუმლოს ამოხსნის ზღვარზე

სამყარო იმაზე გაცილებით სწრაფად ფართოვდება, ვიდრე მეცნიერები პროგნოზირებდნენ, მაგრამ არავინ იცის, რატომ.

მკვლევართა ჯგუფმა ეს დიდი ხნის დილემა დაადასტურა ტელესკოპის ახალი ტექნოლოგიით შეგროვებული მონაცემების საფუძველზე; ეს ტექნოლოგია იყენებს ფორმაცვალებად სარკეებს. ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სამყაროს გაფართოების უზუსტესი მაჩვენებლები არ ემთხვევა სტანდარტულ მოდელს, რომელსაც მეცნიერები უკვე ათწლეულებია იყენებენ.

„სწორედ აქ წარმოიშვება კრიზისი კოსმოლოგიაში“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ასტროფიზიკოსი კრის ფასნახტი.

მსგავს დასკვნებამდე მივიდა წლის დასაწყისში გამოქვეყნებული სხვა კვლევებიც.

აპრილში გამოქვეყნებული კვლევის ავტორი, ნობელის პრემიის მფლობელი მეცნიერი ადამ რისი აღნიშნავს, რომ ეს შეუსაბამობა თანდათან იზრდებოდა და ახლა უკვე მიაღწია წერტილს, როცა მისი უარყოფა უკვე შეუძლებელია.

მისივე თქმით, ეს აღმოჩენა შეიძლება ყველაზე ამაღელვებელი იყოს კოსმოლოგიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

ჰაბლის მუდმივას საიდუმლო

სამყარო გამუდმებით იზრდება, გალაქტიკები სულ უფრო შორს მიჰქრიან. მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ გაეზომათ სამყაროს გაფართოების მაჩვენებელი — რიცხვი, რომელსაც ჰაბლის მუდმივა ეწოდება.

სამყაროს ისტორიას მეცნიერები იკვლევენ იმ რადიაციული ნათების შესწავლით, რომელიც 13,8 მილიარდი წლის წინ, დიდი აფეთქების შედეგად დარჩა; მას კოსმოსურ მიკროტალღურ ფონს უწოდებენ.

კოსმოსური მიკროტალღური ფონის შესწავლით, მეცნიერები იხედებიან ძალიან შორს, უძველეს წარსულში, რადგან სინათლე მუდმივი სიჩქარით მოძრაობს.

მაგალითად, როდესაც მზეს ვუყურებთ, ვხედავთ 8 წუთის წინანდელ მზეს, რადგან ის დედამიწისგან 8 სინათლის წუთის მანძილზე მდებარეობს. შესაბამისად, როცა მეცნიერები შორეულ ობიექტებს აკვირდებიან, ისინი მათ ისეთებს ხედავენ, როგორიც წარსულში იყვნენ.

ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ დიდი აფეთქების შემდეგ, სამყარო თავიდან ძალიან სწრაფად ფართოვდებოდა. შემდეგში გაფართოება შენელდა, რადგან გაჩნდა ბნელი მატერიის გრავიტაცია. ბნელი მატერია არის იდუმალებით მოცული, უხილავი ძალა, რომელიც სამყაროს მთლიანი მატერიის დაახლოებით 85 პროცენტს შეადგენს.

თუმცა, ბოლო დროს მეცნიერები ერთ პრობლემას წააწყდნენ. თანამედროვე სამყაროს გაზომვებმა აჩვენა, რომ ის იმაზე გაცილებით სწრაფად ფართოვდება, ვიდრე ამას სტანდარტული მოდელი პროგნოზირებს. აპრილში გამოქვეყნებულ კვლევაში რისმა დაადგინა, რომ სამყარო იმაზე 9 პროცენტით სწრაფად ფართოვდება, ვიდრე ამას კოსმოსურ მიკროტალღურ ფონზე დაყრდნობით ჩატარებული გამოთვლები პროგნოზირებს.

რისის თქმით, მათ რაღაც ფუნდამენტურად განსხვავებული გაზომეს. მათ შორის ერთია სამყაროს გაფართოების დღევანდელი მაჩვენებელი, როგორც ამას ჩვენ ახლა ვხედავთ. მეორე კი გახლავთ ადრეული სამყაროს ფიზიკაზე დაფუძნებული პროგნოზი და მაჩვენებელი, რომლითაც ის ამის მიხედვით უნდა ფართოვდებოდეს. თუ ეს მაჩვენებლები თანხვედრაში არ მოდის, ჩნდება დიდი ალბათობა, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა.

ახალი ტექნოლოგია დილემას ადასტურებს

ახალი კვლევისას მეცნიერებმა გამოიყენეს ჰავაიზე მდებარე კეკის ობსერვატორიის ტელესკოპის სარკეების მოწინავე სისტემა. მოწყობილობა აღჭურვილია დრეკადი სარკეებით, რომლებსაც შეუძლია დედამიწის ატმოსფეროს მიერ გამოწვეული დამახინჯებების გასწორება და ციურ სხეულთა საოცრად მკვეთრი გამოსახულების მიღება.

ასტრონომებმა ტელესკოპი კაშკაშა, ძლიერ აქტიური სამი გალაქტიკის, ე. წ. კვაზარისკენ მიმართეს.

კვაზარები მათ გრავიტაციული ლინზირების პროცესის გამოყენებით შეისწავლეს. გრავიტაციული ლინზირება ზომავს სინათლის გამრუდების მაჩვენებელს, როცა ის დედამიწისკენ მომავალ გზაზე გარშემო შემოუვლის რომელიმე მასიურ ობიექტს. ასეთი ობიექტი, მაგალითად, გალაქტიკა, სინათლეს სხვადასხვა მიმართულებით ამრუდებს, რის გამოც მეცნიერებმა დაინახეს ერთი და იგივე კვაზარის განსხვავებული, დამახინჯებული ვერსიები ოდნავ განსხვავებულ წარსულში.

ამის შემდეგ, ეს სხვადასხვა ფოტოები მათ ერთმანეთს შეადარეს და გამოთვალეს, თუ რა დრო დასჭირდა კვაზარის სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად; ასევე შეაგროვეს ინფორმაცია იმის შესახებაც, რამდენად გაფართოვდა სამყარო ამ სინათლის მოგზაურობის დროს.

წინა კვლევების მსგავსად, ახალმა შედეგებმაც დაადასტურა, რომ სამყარო იმაზე უფრო სწრაფად ფართოვდება, ვიდრე სტანდარტული მოდელი პროგნოზირებს. მიღებული შედეგები მკვლევრებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებს შეადარეს, რასაც ის სრულად შეეთავსა.

როგორც ახალი კვლევის პრესრელიზში წერია, ჰაბლის მუდმივაში არსებული სხვაობა ადრეულ და გვიანდელ სამყაროს შორის ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ამჟამინდელ სტანდარტულ მოდელს რაღაც აკლია. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ეგზოტიკური ბნელი ენერგია, ახალი რელატივისტური ნაწილაკი ან ფიზიკის სრულიად ახალი კანონები, რომელთა შესახებ ჯერ არაფერი ვიცით.

ამ ნაკლული მონაკვეთის შესახებ მეცნიერებმა მართლაც არაფერი იციან. ზოგის აზრით, დამნაშავე უნდა იყოს ბნელი ენერგია. ეს გახლავთ იდუმალი, უხილავი ძალა, რომელიც სამყაროს დაახლოებით 68 პროცენტს შეადგენს. შესაძლოა, სწორედ ეს ენერგია ასწრაფებს გაფართოებას, რადგან ის გარე მიმართულებით უბიძგებს და სჯაბნის ბნელი მატერიის გრავიტაციას.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ახალი ტელესკოპის წყალობით კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას შეაგროვებენ და სამყაროს ჩვენეული წარმოდგენის ამ ნაკლულ მონაკვეთსაც იპოვნიან.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.