შესაძლებელია თუ არა მულტისამყაროში სიცოცხლის არსებობა - ახალი კვლევის დამაინტრიგებელი პასუხი
შესაძლებელია თუ არა მულტისამყაროში სიცოცხლის არსებობა - ახალი კვლევის დამაინტრიგებელი პასუხი

ამჟამინდელი წამყვანი თეორიის მიხდვით, თუკი სხვა სამყაროებიც არსებობს, სავარაუდოდ, მათში სიცოცხლე არ უნდა არსებობდეს. მაგრამ ახლახან მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა წარმოადგინა თეორია, რომლის მიხედვითაც, მულტისამყარო სიცოცხლისთვის იმაზე უფრო ხელსაყრელია, ვიდრე აქამდე გვეგონა.

მულტისამყაროს ჰიპოთეზა, რომელშიც ჩვენი დაკვირვებადი სამყარო მხოლოდ ერთ-ერთია სხვა მრავალ სამყაროს შორის, არის ახსნა, რომელიც ეფუძნება არასაკმარის ოდენობის ბნელ ენერგიას ჩვენი სამყაროს ცარიელ სივრცეში.

დაზუსტებით არ ვიცით, რა არის ბნელი ენერგია, მაგრამ ამ სახელს ვუწოდებთ ძალას, რომელიც წარმართავს სამყაროს გაფართოებას, რაც თითქმის სხვა ყველაფრისგან განსხვავებით, დროთა განმავლობაში შენელების მაგივრად უფრო სწრაფდება.


ბნელი ენერგია სამყაროს 70 პროცენტს შეადგენს და პრობლემაც სწორედ ამაშია. სამყაროს წარმოშობის ამჟამინდელი თეორიის პროგნოზით, ბნელი ენერგია სამყაროში ამ მაჩვენებელზე გაცილებით მეტი უნდა იყოს.

მაგრამ ის ასევე პროგნოზირებს, რომ თუკი იქ იმაზე მეტი ბნელი ენერგიაა, ვიდრე ამჟამად ვანგარიშობთ, სამყარო იმდენად სწრაფად უნდა ფართოვდებოდეს, რომ მატერია უბრალოდ გაიფანტებოდა და ვერ წარმოქმნიდა ვერც ვარსკვლავებს, ვერც პლანეტებს და ვერც გალაქტიკებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ არც ჩვენ უნდა ვარსებობდეთ.

სწორედ აქ დგება დღის წესრიგში მულტისამყარო. ამ თეორიის მიხედვით, ჩვენი სამყაროს გარდა, კიდევ არსებობს მრავალი სხვა სამყარო, რომელთაგან თითოეულს გააჩნია ბნელი ენერგიის სხვადასხვა პროპორცია. ჩვენს სამყაროს კი იმდენად ცოტა ბნელი ენერგია აქვს, რომ შესაძლებელი გახდა სიცოცხლის აღმოცენება.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ასეთი ახსნა საკმაოდ არაზუსტია, ზურგს არ უმაგრებს არანაირი დაკვირვება და რაც მთავარია, შეუძლებელია მისი შემოწმება.

მაგრამ მრავალი შემოწმების ჩატარება შეგვიძლია ჩვენს სამყაროში. მკვლევრები სწორედ ასეც მოიქცნენ.

„წარსულში ფიქრობდნენ, რომ მულტისამყაროს ბნელი ენერგიის დაკვირვებადი ღირებულებით ახსნიდნენ. ამ შემთხვევაში, ბნელი ენერგია ერთგვარი ლატარია იყო და ჩვენ უბრალოდ იღბლიანი ბილეთი გვქონდა, რომლის წყალობითაც ვცხოვრობდით სამყაროში, სადაც წარმოიქმნებოდა გალაქტიკები და სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმა“, — ამბობს მკვლევარი ლიუკ ბარნსი.

მისი თქმით, როგორც კვლევამ აჩვენა, ჩვენი „ბილეთი“ კიდევ უფრო იღბლიანია. იგი იმაზე განსაკუთრებულია, ვიდრე სიცოცხლე უნდა იყოს და სწორედ ესაა მულტისამყაროს პრობლემაც.

მკვლევართა ჯგუფმა სამყაროს უზარმაზარი სიმულაცია შექმნა, რომელშიც ბნელი ენერგიის მაჩვენებელს მოუმატა. ამისათვის მათ EAGLE გამოიყენეს — სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური სიმულაციების პროექტი.

როგორც მათ აღმოაჩინეს, ჩვენს სამყაროში ბნელი ენერგიის ამჟამინდელი ოდენობის ასობით გაზრდას ან შემცირებას, მხოლოდ მოკრძალებული გავლენა უნდა ჰქონდეს ვარსკვლავებისა და პლანეტების წარმოქმნაზე.

„ბევრი ფიზიკოსისთვის, ჩვენს სამყაროში ბნელი ენერგიის აუხსნელი, მაგრამ კონკრეტული რაოდენობა ხელისშემშლელი თავსატეხია. თუმცა, როგორც ჩვენმა სიმულაციებმა აჩვენა, თუკი სამყაროში გაცილებით მეტი ან ნაკლები ბნელი ენერგია იქნებოდა, მას მაინც მინიმალური ეფექტი ექნებოდა ვარსკვლავებისა და პლანეტების ფორმაციაზე. შედეგად, ჩნდება პერსპექტივა, რომ სიცოცხლე შესაძლოა, მთელი მულტისამყაროს მასშტაბით არსებობდეს“, — ამბობს კვლევის ავტორი, დიურჰემის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ხაიმე სალსიდო.

თუმცა, წარმოიშვება სხვა პრობლემა — თუკი ჩვენი არსებობის ასახსნელად მულტისამყარო არ გვესაჭიროება, არის თუ არა ეს თეორია მაინც დამაჯერებელი?

მკვლევართა განცხადებით, ისინი ამას არ გამორიცხავენ. სამაგიეროდ, მათ სჯერათ, რომ ბნელი ენერგიის თავსატეხზე პასუხი იმალება რაღაც ისეთში, რომლის შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით.

„სამყაროში ვარსკვლავების წარმოქმნა არის ბრძოლა გრავიტაციასა და ბნელ ენერგიას შორის. ჩვენს სიმულაციებში აღმოვაჩნეთ, რომ ვარსკვლავების წარმოქმნა შესაძლებელია იმ სამყაროშიც, სადაც ჩვენსაზე მეტი ბნელი ენერგიაა“, — განმარტავს დიურჰემის უნივერსიტეტის ფიზიკოსი რიჩარდ ბაუერი.

მისი თქმით, სამყაროს ასეთი უცნაური თვისების ასახსნელად, საჭიროა ფიზიკის ახალი კანონის ძებნა, რისთვისაც მულტისამყაროს თეორია ბევრი ვერაფერში გამოგვადგება.

კვლევა ჟურნალ The Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით