სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დირექტორს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დირექტორს, ზაზა რაზიკაშილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ბრალდებული სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
გამამტყუნებელი განაჩენი ოთხწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, მოსამართლე ლელა შკუბულიანმა დღეს გამოაცხადა.
სამშენებლო კომპანიის დირექტორს გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავებოდა. ოლიმპიური ვარსკვლავის დამფუძნებლის, ლელა რაზიკაშილის განცხადებით, ისინი სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებენ.
„ეს არის საქმე, რომელიც დაიწყო 2010 წელს, მაშინ როდესაც ჩვენ წინააღმდეგ იყო რეპრესიები და ძარცვა. ყველასთვის ცნობილია, როგორ გაძარცვეს ჩვენი ოფისი და წინასწარ განზრახულად გაიტანეს დოკუმენტაცია, შემდეგ სადამსჯელო საგადასახადო ოპერაცია ჩატარდა და დიდი ვალი დაგვედო. შემდეგ შეიცვალა მდგომარეობა და გარემო საქართველოში და ჩვენ დავიწყეთ რეაბილიტაცია და ჩავატარეთ უზარმაზარი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ახლა ვიმყოფებით გადამწყვეტ ეტაპზე, ინვესტორთან დადებული გვაქვს ხელშეკრულება და გადაბარების პროცესი მიმდინარეობს.
პარალელურად მიმდინარეობდა ზაზა რაზიკაშილის სისხლის სამართლის პროცესი, რომელიც დაწყებული იყო რამდენიმე ამხანაგობის მიერ. 300 ოჯახია და აბსოლუტური უმცირესობის დაჟინებული მოთხოვნით მიმდინარეობდა სისხლის სამართლის პროცესი. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ როდესაც დავაკმაყოფილებდით ამ პირებს, პროკურატურა მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ხელი არ შეშლოდა ჩვენს საქმიანობას, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული და დადგა შედეგი. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, რომ ხელი არ შევუშალოთ ამ პროცესს.
ქალაქის მერია თავისი შესაძლებლობებით, ასევე ყველა უწყება დგას იმის მხარეზე, რომ 300 ოჯახის მოლოდინი გამართლდეს და მალე დაიწყოს მშენებლობა. ზაზას ძალიან დიდი ძალისხმევა არ ჩაუდია თავის გადარჩენის საქმეში, ის დარბაზიდან აიყვანეს. ძალიან ცუდია, რომ მთავარი მოქმედი პირი და ინვესტორთან მოლაპარაკებების მთავარი წარმმართველი ამ პროცესებს ჩამოსცილდება, მაგრამ ვართ სტაფი და ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს.
რაც შეეხება თანხების მითვისებას, რასაც მას ედავებოდნენ, ამას არ ვეთანხმებით, ეს მითვისება გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ვერ ვადასტურებდით ხარჯვის დოკუმენტაციას, რომელიც გაგვტაცეს წინა ხელისუფლების რეპრესიების დროს, სეიფია გატანილი და ამაზე გამოძიებაა დაწყებული და ჩვენ ვერ აღვადგინეთ დოკუმენტაცია“, – განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.