სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე ძირითადი ღონისძიებები დღეს და ხვალ გაიმართება
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სტარტს დღეს იღებს. 31-ე სამიტის ფარგლებში ღონისძიებები ფორმალურად 10 ნოემბერს დაიწყო, თუმცა ძირითადი ნაწილი 13-14 ნოემბერსაა დაგეგმილი.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტი უკვე მეორედ გაიმართება ფილიპინების ხელმძღვანელობით. მიმდინარე წლის აპრილში სამიტში მონაწილეობა მხოლოდ ASEAN-ის ლიდერებმა მიიღეს, ამჯერად კი შეხვედრებში პარტნიორი ქვეყნების ლიდერებიც იქნებიან ჩართული.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია 1967 წლის 8 აგვისტოს ბანგკოკში დაარსდა. თავდაპირველად მის შემადგენლობაში შედიოდნენ ინდონეზია, მალაიზია, სინგაპური, ტაილანდი და ფილიპინები. მოგვიანებით მათ შეუერთდა ბრუნეი, ვიეტნამი, ლაოსი, მიანმარი და კამბოჯა.
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების ლიდერები 20 სახელმწიფოდან, მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის ფედერაციის პრემიერი დიმიტრი მედვედევი, იაპონიის პრემიერი სინძო აბე და კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო.