სამხრეთ აფრიკელი ექიმები ადგილობრივ ახალგაზრდა მოსახლეობაში „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ
სამხრეთ აფრიკელი ექიმები ადგილობრივ ახალგაზრდა მოსახლეობაში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ იუწყება.
„20-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს დავადების საშუალო და მძიმე ტიპი აღენიშნებათ, რომელთაგან ზოგი ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს. მათგან დაახლოებით 65 პროცენტი ვაქცინირებული არ არის, ხოლო დანარჩენი უმრავლესობა მხოლოდ პირველი დოზითაა აცრილი. ვშიშობ, რომ შემთხვევების მატებასთან ერთად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებები გადაიტვირთება“, – განაცხადა იოჰანესბურგის ერთ-ერთი საავადმყოფოს ხელმძღვანელმა რუდო მატივამ.
მისივე თქმით, საჭიროა, სასწრაფო მომზადება, რათა სახელმწიფო საავადმყოფოებს საშუალება მიეცეთ, გაუმკლავდნენ პაციენტთა პოტენციურად დიდ ნაკადებს, რომლებსაც ინტენსიური მკურნალობა დასჭირდებათ.
„ვიცით, რომ ახალი შტამი გვაქვს. ყველაზე უარესი სცენარი ისაა, რომ „დელტას“ შტამის მსგავსად მოქმედებს ორგანიზმზე და ჩვენ მზად უნდა გვქონდეს შესაბამისი საწოლები“, – დაამატა მატივამ.