სამხედროები იმ ადგილებს ასუფთავებენ, სადაც სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამვლამდე იმყოფებოდნენ
ბრიტანელი სამხედროები სოლსბერიში ქიმიური ნივთიერებით დაბინძურებული ობიექტების დასუფთავებას შეუდგენენ. სულ საუბარია 9 ობიექტზე. მათ შორის არის პარკში მდებარე სკამი, სადაც ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილის იპოვეს, სკრიპალების სახლი, საავადმყოფო, პოლიციის განყოფილება, რესტორანი და პაბი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 23 აპრილს საღამოს სოლსბერიში სამხედროები სამი სატვირთო ავტომობილით ჩაიყვანეს. მათ თან ჩაიტანეს სპეცტექნიკა და მეტალის კონტეინერები. Sky News-ის ცნობით, ჯარისკაცები ყველა იმ ობიექტის გასუფთავებას აპირებენ, სადაც სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამვლამდე რამდენიმე საათით ადრე იმყოფებოდნენ.
ოპერაცია რამდენიმე კვირა გაგრძელდება. თავდაპირველად სამხედროები ნიადაგის ნიმუშებს აიღებენ, შემდეგ ანალიზებს და დასუფთავების სამუშაოებს ჩაატარებენ. ამის შემდეგ ჯარისკაცები ისევ გადაამოწმებენ ნიადაგს. მთელ პროცესს დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის სამინისტროს აკონტროლებს.
რამდენიმე დღის წინ სპეციალისტებმა არ გამორიცხეს, რომ სოლსბერიში ჯერ კიდევ რჩება ნერვულ-პარალიტიკური შხამის კვალი, რამაც შესაძლოა მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას.
სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს მოწამლეს. ლონდონმა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა, რასაც მოსკოვი ამ დრომდე უარყოფს. სკრიპალების მოწამვლის დროს საბჭოთა კავშირში დამზადებული სამხედრო ნერვულ-პარალიტიკური შხამის გამოყენება ასევე დაადასტურა „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამაც“. მომხდარის გამო ლონდონმა რუსი დიპლომატები გააძევა, ანალოგიურად მოიქცა კიდევ 30 სახელმწიფო. 9 აპრილს იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს, ხოლო სერგეი სკრიპალი კვლავ კლინიკაში რჩება.