დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქად სოლსბერი დასახელდა, სადაც გასულ წელს სკრიპალები მოწამლეს
დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქად სოლსბერი დასახელდა, სადაც გასულ წელს სკრიპალები მოწამლეს

გამოცემა „სანდეი თაიმსმა“ სოლსბერი დიდ ბრიტანეთში საუკეთესო საცხოვრებელ ქალაქად დაასახელა. ინგლისის ქალაქი სოლსბერი მთელ მსოფლიოში გასულ წელს გახდა ცნობილი იქ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის გამო.

სანდეი თაიმსის“ რეიტინგში 101 ბრიტანული ქალაქია. რედაქციის აზრით, მათ შორის სოლსბერი ყველაზე ლამაზი ქალაქია, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავის ისტორიაში ყველაზე მძიმე გამოცდები გაიარა.

„არ აქვს მნიშვნელობა, რას აწყდება ეს ლამაზი ქალაქი – კელტებიდან ვიკინგებამდე და „ნოვიჩოკით“ ბოლო დროს მოწამვლებამდე – ის გამარჯვებულია. ის რჩება ღვთაებრივად მიმზიდველად, საკათედრო ტაძარი კი მისი გულია“, – აღნიშნავს ბრიტანული გამოცემა.

სანდეი თაიმსი“ წერს, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ტურისტები ერიდებოდნენ სოლსბერიში ჩასვლას, მაღაზიები ცარიელი იყო, ადგილობრივმა მოსახლეობამ კი რთული პერიოდი გადაიტანა, თუმცა ახლა ქალაქში ნამდვილი ოპტიმიზმი სუფევს.

რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით სოლსბერიში 2018 წლის მარტის დასაწყისში მოწამლეს. ისინი მკურნალობის კურსის შემდეგ გადარჩნენ. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოწამვლაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.