აშშ-მ სკრიპალების მოწამვლის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა
აშშ-მ სკრიპალების მოწამვლის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

აშშ-მ სკრიპალების მოწამვლის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. სანქციების მეორე პაკეტი დღეიდან ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ფედერალური რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აშშ-ის ადმინისტრაცია მოუწოდებს საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს რუსეთს ახალი კრედიტები არ შესთავზონ და არსებული სესხების ვადა არ გაახანგრძლივონ. ვაშინგტონმა ამერიკულ ბანკებს რუსეთის ხელისუფლებისთვის რუბლის გარდა სხვა ვალუტაში კრედიტების გაცემა აუკრძალა.

შეზღუდვები ასევე შეეხება აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის მიერ ლიცენზირებული პროდუქციისა და ტექნოლოგიების ექსპორტს, რაც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში ხორციელდება.

აშშ-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთი აშშ-თან ვაჭრობით მიღებული მილიარდობით დოლარის შემოსავალს ვეღარ მიიღებს.

ახალი სანქციები ძალაში სულ მცირე 12 თვე დარჩება.

შეგახსნებთ, რომ რუსი ყოფილი ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილის იულია 4 მარტს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. გამოძიების ცნობით, მათ წინააღმდეგ ნერვულ-პარალიტიკური შხამი „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს. დიდმა ბრიტანეთმა და მისი პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მა, მომხდარში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.

სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით სანქციების პირველი პაკეტი რუსეთის წინააღდეგ 2018 წლის აგვისტოში ამოქმედდა.

დატოვე კომენტარი