სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო წამლობითი ღონისძიებები სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების სოფლებში.
სააგენტოს ცნობით, დღეს, დილის 07:00 საათიდან დაიწყო შემდეგი სოფლების ტერიტორიების დამუშავება:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: სოფლები ცაიში, შამგონა;
ხობის მუნიციპალიტეტი: სოფელი საგვიჩიო;
სენაკის მუნიციპალიტეტი: სოფლები დიდიხორში, მენჯი;
აბაშის მუნიციპალიტეტი: სოფლები კეთილარი, პირველი მაისი, სუჯუნა;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: სოფლები ნიგოითი, ქვიანი, ჯაპანა;
ვანის მუნიციპალიტეტი: სოფლები ყუმური, შუამთა, ჭვიში, ჯაგანჭვიში;
სამტრედიის მუნიციპალიტეტი: სოფლები ტოლები, დაბლაგომი, საჯავახო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდება.
უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ ეცნობება მოსახლეობას, ინფორმაცია გავრცელდება მედიის საშუალებითაც.
ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის პროცესის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი.
„ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა.
პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.