ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან
ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან

სურსათის ეროვნული სააგენტოს და მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლები, მონიტორინგის მიზნით, მოსახლეობას ხვდებიან და არსებული ვითარების შესახებ ადგილობრივებისგან იღებენ ინფორმაციას.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსახლეობა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ, ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა წელს მნიშვნელოვნად შემცირებულია.

უწყება განმარტავს, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესი სახელმწიფო პროგრამით დადგენილი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, საყანე ფართობები კი ცივი შესხურებით მუშავდება, ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ფერომონების განთავსება. დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მობილიზებულია და მუშაობს სპეციალიზებული ტექნიკა.

ამასთან, მოსახლეობის ინფორმირების სისტემის ფარგლებში,  ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – parosana.ge და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.

დატოვე კომენტარი