ბილ ლინგრენი - საქართველოში განხორციელებული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა არის გასაოცარი, ის ენტომოლოგიის ისტორიაში შევა, როგორც გზამკვლევი
ბილ ლინგრენი - საქართველოში განხორციელებული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა არის გასაოცარი, ის ენტომოლოგიის ისტორიაში შევა, როგორც გზამკვლევი

საქართველოში განხორციელებული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა არის გასაოცარი, ის ენტომოლოგიის ისტორიაში შევა, როგორც გზამკვლევი, – ამის შესახებ ​ენტომოლოგთა სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა, ბილ ლინგრენმა საერთაშირისო კონფერენციის „აზიური ფაროსანა – გლობალური გამოწვევა“ დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი ძალისხმევით, საქართველომ სხვა ქვეყნების გამოცდილებით შექმნა უნიკალური სისტემა და უმოკლეს ვადებში მიიღო ხელშესახები შედეგი ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

„ამ სამეცნიერო მისიის ფარგლებში საქართველოში შეიკრიბნენ მსოფლიოს საუკეთესო ენტომოლოგები, რომლებიც აზიური ფაროსანას საკითხზე მუშაობენ. ჩვენი მიზანია საინფორმაციო ბაზის შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, გავიზიაროთ ის პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო​სა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი მუშაობით შემუშავდა. ამ ორგანიზაციებმა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შედეგად, მოახერხეს ძალიან დიდი ნაბიჯის გადადგმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში. ეს პროგრამა არის გასაოცარი, ერთ-ერთი საუკეთესო და ენტომოლოგიის ისტორიაში შევა, როგორც გზამკვლევი. სწორედ ამ პროგრამის დამსახურებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ჩართულია ყველა რგოლი – სახელმწიფო სტრუქტურები, ადგილობრივი თვითმმართველობები, ფერმერები, მეფუტკრეები. მე ვნახე აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი 2017-2018 წლებში, როდესაც თხილის მოსავალი თითქმის არ იყო, ხოლო წელს, მოხარული ვარ, რომ საქართველოს უნიკალური თხილის ხარისხი კვლავ უბრუნდება პირვანდელს, მოსავლის რაოდენობაც გაზრდილია, შესაბამისად, გაზრდილია თხილის ფასიც. ეს კი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ფერმერებისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – განაცხადა ბილ ლინგრენმა.

საერთაშორისო კონფერენცია წელს მეორედ ტარდება. სპეციალისტები 24 აგვისტოს ესტუმრნენ საქართველოს და 30 აგვისტომდე დარჩებიან. უცხოელი სპეციალისტები მავნებელთან დაკავშირებულ გამოწვევებს დასავლეთ საქართველოში, ადგილზე პირადად ფერმერებისგან გაეცნენ.