პრემიერ-მინისტრი კახათში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო
პრემიერ-მინისტრი კახათში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ კახათში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო.

პრემიერმა შეწამვლის პროცესსა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სხვა საშუალებებზე ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილისა და მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლებისგან მოისმინა.

აღინიშნა, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის რესურსი გაათმაგებულია და 2019 წელს ამ მიზნით ბიუჯეტიდან 45 მილიონი ლარია გამოყოფილი. მინისტრმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად შემუშავებული „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე კომპლექსური ღონისძიებების შესახებაც.

კერძოდ, სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლებიც ფერმერებს დროებით სარგებლობაში გადაეცემათ.

პარალელურად, აგროკონსულტანტების მონაწილეობით ტარდება მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები, რათა დროულად ჩატარდეს აგროსამუშაოები და მოსახლეობამ ნაკლებად იზარალოს.

პრემიერმა მინისტრს და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლებს დაავალა, მაქსიმალური დახმარება გაუწიონ მოსახლეობას მავნებელთან ბრძოლის პროცესში და არ დარჩეს ოჯახი, რომელსაც არ ექნება ინფორმაცია შესაწამლი საშუალებებისა და ბრძოლის მეთოდების შესახებ.