მამუკა ბახტაძე - ერთობლივი ძალებით შეუძლებელი შევძელით და წელს თხილის მოსავალი არის მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტს წარმოედგინა
მამუკა ბახტაძე - ერთობლივი ძალებით შეუძლებელი შევძელით და წელს თხილის მოსავალი არის მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტს წარმოედგინა

ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც საქართველოს თითოეული მოქალაქე არის მასში აქტიურად ჩართული, იღებს შემოსავალს, მისი და მისი ოჯახის პირობები დღითიდღე უმჯობესდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც დღეს სამეგრელოში იმყოფება.

პრემიერი თხილის საწარმო „ჯეო-ნათსში“ სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საწარმოში, რომელიც სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით, პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ეს არის ყველაზე თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო და ძალიან მიხარია, რომ სამეგრელოში გვაქვს მსგავსი დონის თხილის საწარმო. ეს საწარმო მაგალითია, თუ როგორი პოტენციალი გვაქვს სამეგრელოში. ყოველი ასეთი პროექტი არის მნიშვნელოვანი, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს – ჩვენი რეგიონები განვავითაროთ თანაბრად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოვახერხოთ სიღარიბის დაძლევა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, სამეგრელოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი.თხილის მოსავალი კი, წელს მოსალოდნელზე მეტია.

„სამეგრელოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე გამოწვევა გვქონდა, რომელიც დღესაც გრძელდება, თუმცა ერთობლივი ძალებით შევძელით შეუძლებელი და მიმდინარე წელს, თხილის მოსავალი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტს წარმოედგინა რამდენიმე თვის წინ. ეს არის ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა ფინანსური და ტექნიკური დახმარებისთვის.

„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომლებმაც ძალიან დიდი დახმარება აღმოგვიჩინეს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური. მათი და ჩვენი მეცნიერების ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ წელს, შეგვიძლია, თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანის პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მამუკა ბახტაძის თქმით, მოსავლის ჩაბარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

„უკვე ვიცით, რომ წელს ჩვენი ფერმერები მიიღებენ ღირსეულ შემოსავალს. რა თქმა უნდა, სანამ არსებობს ეს პრობლემა, ჩვენ არ გავჩერდებით და ვიმუშავებთ იმაზე, რომ ბოლომდე იყოს გადაჭრილი“, – აღნიშნა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ საწარმო „ჯეო-ნათსში“ სტუმრობისას.