სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესის შესასრულებლად ემზადებიან
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესის შესასრულებლად ემზადებიან. სამებაში ამ დროისთვის სამეუფო ჟამნი სრულდება.
დღეს წითელი პარასკევია, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. შესაბამისად, ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 14:00 საათზე გარდამოხსნის წესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეასრულებს.
მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე გარდამოხსნას დააბრძანებენ, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნას უწმინდესი სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს, მას ტაძარში სამჯერ შემოატარებენ და ტაძრის შუაგულში სადგამზე დააბრძანებენ. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე საფლავში არასრული სამი დღე იმყოფებოდა.
წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად, უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ, ასევე აცხობენ პასკებს, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.