მეუფე შიო - საათები გვაშორებს ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულს და დავფიქრდეთ ჩვენს თავზე, ვეცადოთ, ვიპოვოთ ჩვენი თავი
მეუფე შიო - საათები გვაშორებს ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულს და დავფიქრდეთ ჩვენს თავზე, ვეცადოთ, ვიპოვოთ ჩვენი თავი

საათები გვაშორებს ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულს და დავფიქრდეთ ჩვენს თავზე, ვეცადოთ, ვიპოვოთ ჩვენი თავი, – აღნიშნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი სრულდება.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! დღეს კიდევ ერთხელ ჩვენს ცხოვრებაში ვდგავართ უფალ იესო ქრისტეს ცხოველსმყოფელი საფლავის წინაშე და ვფიქრობთ მისი ვნებების, მისი ჯვარცმის, მისი ბრწყინვალე აღდგომის საიდუმლოების შესახებ, თუ რაოდენ მიუწვდომელია ის ადამიანის გონებისთვის; მაგრამ, ამავე დროს, საკმაოდ ბევრი მოგვეცა იმისთვის, რომ ჩავწვდეთ და შევიმეცნოთ ეს საიდუმლოება.

უფალმა იესო ქრისტემ, როგორც ღმერთკაცმა, მოგვცა ჩვენ დიდებული და ამაღლებული სწავლება, მაგრამ ის არ მოსულა მარტო იმისთვის, რომ სწავლება დაეტოვებინა ჩვენთვის. თუმცა ეს სწავლებაც, რა თქმა უნდა, ღვთაებრივია; ჩვენ ვხედავთ, რომ შეუძლებელია, ეს სწავლება ადამიანის მიერ ყოფილიყო მოფიქრებული და მოაზრებული, მაგრამ, სწავლებასთან ერთად, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიტოვა ძალა და მადლი, რომ ეს სწავლება აღვასრულოთ, რომ დავთრგუნოთ ბოროტება ჩვენს სულში, რომ დავამარცხოთ სიკვდილი და, რაც მთავარია, გავხდეთ თანაზიარნი და მონაწილენი ღვთაებრივი ცხოვრებისა, თანაზიარნი ღმერთისა, როგორც ამ მიწიერ ცხოვრებაში, ასევე მარადისობაში.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ძალა და მადლი დატოვა უფალმა იესო ქრისტემ, მაინც, როგორც დღეს წავიკითხეთ პავლე მოციქულის ეპისტოლეში, „სიტყვა იგი ჯვარისა ჰურიათათვის არის საცდური, წარმართთათვის – სისულელე, ხოლო წარწყმენდილთათვისსოცოფე, მაგრამ ჩვენთვის, ცხოვრებულთათვის, ძალა ღმრთისა არს“. ასე ამბობს პავლე მოციქული, რომ ძალა ღვთისა არს და წყარო ცხოვრებისა, წყარო სიცოცხლისა, წყარო ჭეშმარიტებისა.

აი, ამაზე ვფიქრობთ დღეს ჩვენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არიან ბევრნი ჩვენ შორის, ვინც ეწაფება ამ წყაროს და სარგებლობს მისით, რათა სათანადოდ იცხოვროს; მათ შორის ზოგიერთი თავს ქრისტიანად და ეკლესიის წევრადაც მიიჩნევს, მაგრამ ვერ ცხოვრობენ, არ ცხოვრობენ ისე, როგორც შეეფერება ქრისტეს მცნებებს, ამ ძალასა და მადლს. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ როგორც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ბზობის დღესასწაულზე გვიქადაგა, არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ვერ განსწმენდს ღმერთის სიყვარული და კაცთმოყვარება, ვერ განსწმენდს უფლის ცხოველსმყოფელი სისხლი, ყოველი წვეთი ამ სისხლისა არის მაცხოვნებელი და განმწმენდელი, თუკი ჩვენ მოვინანიებთ და მოვისურვებთ ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების შეცვლას.

ღმერთმა მოგვცეს ასეთი სინანული, ამ განწყობით ვიდგეთ დღეს უფლის საფლავის წინაშე.

სულ საათები გვაშორებს ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულს და დავფიქრდეთ ჩვენს თავზე, ვეცადოთ, ვიპოვოთ ჩვენი თავი დღეს ამ საათების განმავლობაში იმისთვის, რომ როდესაც ლოდი გადაგორდება და მთელ სამყაროს ეხარება ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა, ჩვენც გავხდეთ თანაზიარნი იმ ძალისა და მადლისა, რომელიც მოიტანა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომამ და რომელზეც არის დაფუძნებული ჩვენი ყველაზე ნათელი იმედი და სასოება, როგორც მოგახსენეთ, როგორც ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში, ასევე მარადისობაში, ამინ. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

დატოვე კომენტარი