სამების ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული და ახლახან იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს [ფოტო]
სამების ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული და ახლახან იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს [ფოტო]

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის წევრები იმყოფებიან. სამებაში იმყოფება თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძეც.

14:00 საათზე დაგეგმილია გამოსვენება, ხოლო 15:00 საათზე სამხედრო პატივით დაკრძალვა დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

აღსანიშნავია, რომ დიღმის ძმათა სასაფლაოზე კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირიდან ორ მებრძოლს დაკრძალავენ, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 13 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა.

კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში გუშინ გადაასვენეს.

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმის ფარგლებში ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 191.

დატოვე კომენტარი