სალომე ზურაბიშვილი - უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირი დღეს ურთულეს მდგომარეობაშია
სალომე ზურაბიშვილი - უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირი დღეს ურთულეს მდგომარეობაშია

არ მიკვირს, რომ შესაძლოა, ევროპულმა გაერთიანებამ მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს ახალი მასშტაბური წინადადება არ შესთავაზოს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირი დღეს ურთულეს მდგომარეობაშია. მთავარი გამოწვევაა „ბრექსიტი“, რომლის მიმართ ჯერ არ არის შემუშავებული, თუ რა სტრატეგიაზე შეჯერდება ევროკავშირი, თვითონ ბრიტანეთი როგორ მიუდგება საკითხს და მოლაპარაკებებში რა პოზიციით შემოვა. ყურადღება მთლიანად ამაზეა მიმართული, თუ როგორ შენარჩუნდება ევროკავშირის ძირითადი ბირთვი და არა იმაზე, თუ რა ხდება გარე პარტნიორებთან მიმართებაში.

შესაძლოა, მათ აქვთ განცდა, რომ ამ რთულ პირობებშიც კი, ჩვენ მიმართ სულ ახლახან ძალიან ბევრი რამ გააკეთეს – ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და დეკლარაცია დღევანდელი პრიორიტეტი არ არის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მეორე მომენტია უკრაინა, რომელიც ევროპისთვის ძალიან რთული პრობლემაა.

„ალბათ, ევროპაში არავის არ უნდა, „შენგენში“ შეუშვას დღევანდელი უკრაინა, სადაც სტაბილური და გამოკვეთილი არაფერი არ არის. ჩვენ რატომღაც ვიჩემებთ, რომ ჩვენ და უკრაინა ერთნაირად უნდა ვიყოთ და ევროკავშირთან ურთიერთობაში ერთ სიბრტყეში უნდა შევიდეთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აგებს თუ არა საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით ასეთი მიდგომის გამო, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩეული სტრატეგია, დღეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი არ არის.

„ზოგადად, ჩვენი გზა უფრო ადვილია, ვიდრე ასეთი დიდი ქვეყნის, რომელსაც ძალიან რთული პრობლემები აქვს და, რომელსაც ევროკავშირი უყურებს, როგორც ბევრად უფრო დიდ პრობლემას. ამიტომ, მართალია, ჩვენ უკრაინის პრობლემების მიმართ სოლიდარულები უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მიმართულებით ერთად ვიყოთ განხილული და ვიყოთ რაღაც ტანდემი, რომელსაც ვერანაირად ვერ დაშლი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ტენდენცია, როცა წინა დოკუმენტებისგან განსხვავებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ კონფლიქტებთან და ამ კონფლიქტების შექმნა–მოგვარების საკითხში რუსეთის როლთან დაკავშირებით ტონი უფრო შერბილებულია, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ დამდგარა დღე, როცა ევროკავშირი რეალურად დაჯდება და თავის საგარეო პოლიტიკას მოიფიქრებს.

„ნათელია, რომ დღეს ამ საგარეო პოლიტიკის შემქმნელები გერმანია და საფრანგეთი უნდა იყვნენ, მაგრამ ისინი ჯერ იმ მომწიფებულ მდგომარეობაში არ არიან, როცა უნდა დასხდნენ და იფიქრონ, რომ „ბრექსიტის“ შემდეგ რაც არ უნდა მოხდეს, ევროკავშირისთვის კრიზისის გადალახვა არა მხოლოდ შიდა ბირთვის შენარჩუნება, არამედ მისთვის მიზნის მიცემაა, რაც მხოლოდ საგარეო პოლიტიკიდან შეიძლება მოდიოდეს. ევროკავშირი საერთაშორისო არეალის სუბიექტი მანამდე ვერ გახდება, სანამ საგარეო პოლიტიკაზე თავისი ხედვა არ ექნება. ეს, მათ შორის, იმასაც ნიშნავს, რომ ხედვა კონფლიქტებთან დაკავშირებითაც უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.