ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი თავად არის უცხოური გავლენის აგენტი, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, პირველ რიგში, ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ხალხის სახელით
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი თავად არის უცხოური გავლენის აგენტი, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, პირველ რიგში, ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ხალხის სახელით

სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი. შესაბამისად, ერთადერთი, ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, ესაა შესაბამისი უცხოური ძალა, გლობალური ომის პარტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც მან გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა: „კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა“.

„ამ კანონის სახალხო ლეგიტიმაციას რაც შეეხება, სულ რაღაც ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება, მათ შორის, რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა ძალიან კარგად ნახავს, რომ, საბოლოო ჯამში, ამ კანონს ექნება დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როცა ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.