სალომე ზურაბიშვილი - შეწყალება არ ნიშნავს, რომ ადამიანი უდანაშაულო იყო, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავმართოთ მეორე სასამართლო
სალომე ზურაბიშვილი - შეწყალება არ ნიშნავს, რომ ადამიანი უდანაშაულო იყო, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავმართოთ მეორე სასამართლო

მსჯავრდებულთა შეწყალების საფუძველი არის ადამიანის მიერ თავისი დანაშაულის აღიარება, შემდეგ არის სხვა გარემოებები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემისთვის „თავისუფალი ხედვა“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა, გიორგი გვიმრაძემ პრეზიდენტს ჰკითხა, შეწყალების ახალი წესი მანამდე რომ ყოფილიყო, პრეზიდენტის 28 აგვისტოს შეწყალების აქტი მაინც იარსებებდა თუ არა, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რთული სათქმელია.

„ძნელი სათქმელი არის, ალბათ მაინც, მაგრამ ახლა დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რადგან დღევანდელ დღეს მაინც სხვა მოცემულობაა და ძნელია, დღევანდელი მოცემულობით იმსჯელო წარსულზე. რა უნდა ითქვას შეწყალებაზე – ჯერ ერთი, რომ მთელმა საზოგადოებამ მეტი იცის ამ შეწყალებების შესახებ, ვიდრე მეგონა, რომ იცოდა და ბევრი კითხვა, რომელიც დაისვა, დაისვა უფრო ნიშნის მოგებით,  ვიდრე იმიტომ, რომ არ იცოდა საზოგადოებამ. მეორე – შეწყალება უთუოდ ეხება, უთუოდ არა, მაგრამ უნდა შეეხოს ასევე, თუ საჭიროება არის, ძალიან მძიმე დანაშაულებსაც კი, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს. ხშირ შემთხვევაში, სხვა ქვეყნებში მკვლელებსაც ეხება, ანუ ჩვენ ანგელოზებს არ ვიწყალებთ და უდანაშაულო ადამიანებს არ ვიწყალებთ. შეწყალება არ ნიშნავს, რომ ადამიანი უდანაშაულო იყო, პირიქით, შეწყალების საფუძველი არის ადამიანის მიერ აღიარება თავისი დანაშაულის და შემდეგ არის ყველა ის გარემოებები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, შეწყალების საკითხზე მთავარი აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რატომ არ განმარტავდა პრეზიდენტი ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალების არგუმენტს.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეწყალება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსწორებას არ ნიშნავს.

„მთავარი აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ მე არ ვხსნიდი არგუმენტებს, რატომ შევიწყალე ერთი, მეორე, მესამე ან მეოთხე. ეს სწორედ არის მთავარი აუცილებლობა შეწყალების დროს, რამეთუ შეწყალება არ არის გამოსწორება სასამართლოს გადაწყვეტილების. როგორც კი პრეზიდენტი იწყებს ან დაიწყებდა თავისი არგუმენტების მოტანას, რა გარემოებების გამო მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი იყოს ან მისაღები იყოს, მაშინათვე ისმის საკითხი – პრეზიდენტის არგუმენტები უფრო მაღლა დგას, ვიდრე სასამართლოსი, თუ არა.  შემდგომ კიდევ უარესი – იწყება მით უმეტეს ჩვენ საზოგადოებაში მსჯელობა იმაზე, ეს რატომ, ის რატომ, როგორ იქნებოდა.. ყველას ექნებოდა აზრი და ჩვენ საჯარო სივრცეში შემოგვაქვს დისკუსია კერძო საკითხებზე, არანაირად ჩვენ მეორე სასამართლო არ უნდა გავმართოთ. ეს არც ოჯახებისთვის არ არის სწორი, არც მსჯავრდებულებისთვის, არც დაზარალებული ოჯახებისთვის. ასე რომ, აუცილებელი არის აქ კონფიდენციალობა იყოს შენარჩუნებული და დისკრეცია. ბოლოს და ბოლოს, ეს არის დისკრეციული უფლება, რომელზედაც ახსნა არ შეიძლება, განმარტება არ შეიძლება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, როცა პატიმარი შეწყალებას ითხოვს, ითხოვს შეწყალებას და არა გამართლებას და გასამართლებას.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს პრეზიდენტი, რომ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აშშ-ს პრაქტიკის მსგავსად, შეწყალების საკითხზე საჭიროა უშუალოდ პატიმართან ურთიერთობა, რათა დადგინდეს რამდენად ესმის მას ჩადენილი დანაშაული და რამდენად იმსახურებს ჯილდოს შეწყალების სახით, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ მას ეს არ მიაჩნია სწორად, რადგან ამ საკითხზე ინფორმაცია მიიღება შესაბამისი უწყებიდან.

„ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ერთი არის შეწყალების მოთხოვნა, ეს ნიშნავს, რომ შეწყალებას ითხოვ და არ მიდიხარ სტრასბურგში, რომ გამოსწორდეს სასამართლოს გადაწყვეტილება. მეორე არის, რომ თვითონ იმ უწყებებიდან, რომელთანაც გვაქვს კავშირი და ვითხოვთ ინფორმაციას, სწორედ ამას ვიგებთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს მსჯავრდებულს თავის დანაშაულთან, რამდენად ინანიებს-არ ინანიებს. ეს მთელი ინფორმაციაა, ასე რომ, მე არამგონია, სწორი იყოს, რომ პრეზიდენტი ან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ვინმე შეხვდეს კიდევ მსჯავრდებულს. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ასეთი საქმეა, რაც ძალიან  გაართულებდა ამ საკითხს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, თუ პირობითად, შემდგომ შემუშავებული წესის მიუხედავად მაინც მიიღებდა იმავე გადაწყვეტილებას და მართებულად მიაჩნდა, რატომ გამოცხადდა შეწყალებაზე მორატირუმი, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება მაშინდელი გარემოებიდან გამომდინარე.

„მე მართებულად არ მითქვამს, ვთქვი, რომ გადაწყვეტილება იყო  მიღებული იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც მაშინ არსებობდა და ძნელია, რომ ისტორია დააბრუნო უკან. მორატორუმი იმიტომ, რომ ამან გამოიწვია ძალიან დიდი აჟიოტაჟი საზოგადოებაში, რომელიც უთუოდ უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტმა. მე ჩავთვალე, რომ რაღაც დრო მჭირდებოდა, გადამეხედა იმ შემდგომი საქმეებისთვის, რომელიც იქნება და არის ახლა განხილვის ეტაპზე;   ყველასთან ერთად შეგვემუშავებინა ახალი წესები, რეალურად შეიცვალა ეს წესები. მორატორიუმი მხოლოდ იყო ფიქრის დრო, გადაანალიზების დრო. ბევრმა მიიჩნია, რომ ეს არის რაღაც აქტი, არანაირი აქტი არ იყო, ეს იყო ამ ფიქრის დროსთვის ცოტა გახანგრძლივებული პროცედურები, რომელიც აუცილებელიც იქნებოდა, რადგან ძალიან ბევრი საქმეა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „თავისუფალ ხედვაში“.