სალომე ზურაბიშვილი - ეროვნული უმცირესობები იმდენად შეუზღუდავად სარგებლობენ კულტურული, მშობლიური ენის რეალიზების უფლებით, რომ მათმა ნაწილმა სახელმწიფო ენა არ იცის, რაც ხელს უშლის ინტეგრაციას
სალომე ზურაბიშვილი - ეროვნული უმცირესობები იმდენად შეუზღუდავად სარგებლობენ კულტურული, მშობლიური ენის რეალიზების უფლებით, რომ მათმა ნაწილმა სახელმწიფო ენა არ იცის, რაც ხელს უშლის ინტეგრაციას

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ბევრი სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი ცხოვრობდა. პრეზიდენტის განმარტებით, შემწყნარებლობის ტრადიცია და თანაარსებობა დღემდე გრძელდება.

„თბილისსა და ქუთაისში უბნები გვაქვს, სადაც მართლმადიდებლური, კათოლიკური და სომხური გრიგორიანული ეკლესიები, სინაგოგა და მეჩეთი ერთმანეთის გვერდით დგას. თბილისის მეჩეთი ერთადერთია, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ. შემწყნარებლობის ეს ტრადიცია და თანაარსებობა დღემდე გრძელდება – უნდობლობისა და იზოლაციის გარეშე.

მართალია, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული კონსტიტუციური სტატუსი აქვს, მაგრამ ამავე დროს, სახელმწიფო აღიარებს სხვა რელიგიური ორგანიზაციების უფლებებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 11 კონფესიას აერთიანებს და უზრუნველყოფს მათ სამართლებრივ და ფინანსურ მხარდაჭერას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბიშვილის განმარტებით, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც მთლიანად აღიარებს მის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა  წარმოშობის ადამიანების ენობრივ, კულტურულ და რელიგიურ იდენტობას, უზრუნველყოფს მათ დაცვას.

„საუკუნეებია, ჩვენ ერთად ვვითარდებით და ეს მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელია. ეროვნული უმცირესობები იმდენად შეუზღუდავად სარგებლობენ თავიანთი კულტურული, მშობლიური ენისა და ტრადიციების რეალიზების უფლებით, რომ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნული წარმოშობის მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა სახელმწიფო ენა არ იცის, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის მათ ინტეგრაციას. სახელმწიფო ცდილობს, მოაგვაროს ეს საკითხი, რათა უზრუნველყოს ამ ჯგუფების უკეთესი მონაწილეობა ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ქართველი და ებრაელი ხალხების 26 საუკუნოვან ურთიერთობაზეც ისაუბრა.ზურაბიშვილის თქმით, ქართველებისა და ებრაელების მეგობრობა სამაგალითო და საამაყოა.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქართველებისა და ებრაელების  განსაკუთებული ურთიერთობა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებას იმსახურებს.

„გასულ კვირას მონაწილეობა მივიღე ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმში, რომელიც იერუსალიმში ჩატარდა. ქართველი და ებრაელი ხალხები 26 საუკუნის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით,  რელიგიურ თუ ეროვნულ ნიადაგზე ყოველგვარი შევიწროების გარეშე ცხოვრობდნენ. ჩვენი მეგობრობის მაგალითით ორივე ერი ვამაყობთ. კონფლიქტებითა და დაძაბულობით სავსე დღევანდელ სამყაროში მშვიდობიანი თანაარსებობის ჩვენება უფრო ღირებულია და ყველასთვის საჭირო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ქართველებისა და ებრაელების ეს განსაკუთრებული ურთიერთობა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებას იმსახურებს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ იუნესკოში შესაბამისი წარდგინების მომზადებაზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თუმცა, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ მათი უფლებების საჯაროდ დაცვა.

„ლგბტ საზოგადოების მიერ საჯარო გამოსვლების (პრაიდის) მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ეფუძნება როგორც რელიგიურ ტრადიციებს, ისე საბჭოთა პურიტანიზმის კვალს. ხლისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცულ იქნას ეს უფლებები და გამოხატვის თავისუფლება, თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის. სამართალდამცველებმა მოახერხეს ამ სიტუაციების მართვა. ისინი ეფექტიანად იცავენ უმცირესობებს ფიზიკური ძალადობისგან“ ,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.