სალომე ზურაბიშვილი - დროებით ლეგალური დასაქმების შესახებ შეთანხმებაზე მუშაობას ყველა პარტნიორთან გავაგრძელებთ
სალომე ზურაბიშვილი - დროებით ლეგალური დასაქმების შესახებ შეთანხმებაზე მუშაობას ყველა პარტნიორთან გავაგრძელებთ

დროებით ლეგალური დასაქმების შესახებ შეთანხმებაზე მუშაობას ყველა პარტნიორთან გავაგრძელებთ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საკანონმდებლო პროგრესისა და მთავრობის მკაფიო ნების მიუხედავად, საქართველო ამ კუთხით მაინც დგას გარკვეული გამოწვევების წინაშე.

„ეს გამოწვევებია – უმუშევრობის მაღალი დონე, საჭირო უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალი მუშახელის სიმცირე, შრომის უსაფრთხოება, ინკლუზიურობა, რასაც უნდა მივაღწიოთ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მუშაობა, ახალი სტანდარტის დანერგვა – სწორედ ესაა გზა ცვლილებებისკენ. ერთ-ერთი საპასუხო ქმედება უნდა იყოს პროფესიულ განათლებაზე ფოკუსირება, რათა მოთხოვნად პროფესიებში მუშახელის დანაკლისი აღმოიფხვრას. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ განათლება და უმთავრესად, პროფესიული განათლება იყოს ბიუჯეტში პრიორიტეტული მომავალ წლებში. კიდევ ერთი პრიორიტეტი არის ცირკულარული მიგრაცია, რაც ერთ-ერთი საშუალებაა, ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას. ცირკულარული მიგრაცია სასარგებლოა მიგრანტებისთვის, ასევე მათი მშობლიური ქვეყნისთვის და იმ ქვეყნისთვის, სადაც მიგრანტები ჩადიან. საქართველო ამას განიხილავს არალეგალური მიგრაციის დაძლევისა და შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მექანიზმად. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა ამ კუთხით და უკვე მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას საფრანგეთთან, საცდელ რეჟიმშია შეთანხმება პოლონეთთან და რამდენიმე სხვა ქვეყანამ გამოთქვა საქართველოსთან შრომითი მიგრაციის საკითხზე თანამშრომლობის სურვილი. ყველა პარტნიორთან გავაგრძელებთ დროებით ლეგალური დასაქმების შესახებ შეთანხმებაზე მუშაობას. საქართველოში კარგად იციან, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრინციპების დაცვით და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევით, ჩვენი ქვეყანა მიუახლოვდება ევროკავშირის სტანდარტს და გააძლიერებს ჩვენს ინტეგრაციის პერსპექტივას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიღწევები, პროგრესი და ყველა ნახსენები უფლება არ არის უზრუნველყოფილი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამ სიკეთეებით საქართველოს ყველა მოქალაქე ვერ სარგებლობს.

„როგორც იცით, საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით რთული სიტუაციაა. შრომითი უფლებები არ არის გამონაკლისი. მიმდინარეობს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა ე.წ. სასაზღვრო პუნქტებთან. არალეგალური დაკავება და გატაცება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხშირია, ინტენსიურად ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა ეთნიკურ ნიადაგზე, ადამიანებს ართმევენ ყველაზე მთავარ – სიცოცხლის უფლებას, უზღუდავენ განათლების მიღების უფლებას. მათ შორის, ქართულ, აფხაზურ და ოსურ ენაზე, და ეს ხდება რუსიფიკაციის აქტიური პოლიტიკის გატარების გზით. შეზღუდულია ადამიანების თავისუფალი გადაადგილებისა და კერძო საკუთრების უფლება. სიტუაციის საერთაშორისო მონიტორინგი შეუძლებელია. ევროკავშირის მისიასაც კი, რომლის მანდატიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის უფლება არ აქვთ. ამ უფლებას მათ რუსეთის ფედერაცია უზღუდავს. დეოკუპაციისთვის საქართველოს სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.