სალომე ზურაბიშვილი - დღეს გვემსახურება ძლიერი დიპლომატია, კიდევ უფრო ლამაზი და ეფექტური დიპლომატია მინდა, ძალიან ბევრი საქმეა, რომელსაც სჭირდება მეტი რესურსი
სალომე ზურაბიშვილი - დღეს გვემსახურება ძლიერი დიპლომატია, კიდევ უფრო ლამაზი და ეფექტური დიპლომატია მინდა, ძალიან ბევრი საქმეა, რომელსაც სჭირდება მეტი რესურსი

ჩვენ დღეს გვემსახურება ძლიერი დიპლომატია. დიპლომატია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი. ამიტომ, სულხან-საბა ორბელიანი 300 წლის წინ უკვე იყო არსებითად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გეგმებისა და ამბიციების განცხადება არ არის საკმარისი, რადგან ამას სჭირდება განხორციელება.

„ეს იყო დასაწყისი იმ გზის, რომელზეც დღეს ვდგავართ, ბევრად უფრო აქტიურად, სულ სხვა მდგომარეობაში. უკვე ასოცირებული ქვეყანა ვართ იმ ევროპის, რომელზეც ოცნებობდა სულხან-საბა ორბელიანი და მის მერე ძალიან ბევრი დიდი ქართველი. ეს არის შედეგი იმ ღვაწლის, ყველა იმ ადამიანის, ვინც აქ ვახსენეთ – პირველი რესპუბლიკა, პირველი ელჩები, რომლებიც ბევრად უფრო რთულ პირობებში იბრძოდნენ იმავე მიზნისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, როგორც ერთ-ერთი მათი ნაწილი, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება, რომ იყოს სრულიად დამოუკიდებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო დღესაც დგას გამოწვევების წინაშე, რათა დაამტკიცოს, რომ აქვს უფლება, იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი ​წევრი.

„დღესაც გვაქვს ეს გამოწვევა, დღესაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამომდინარე და სხვადასხვა გამოწვევებიდან გამომდინარე, დღეს კიდევ უნდა ვამტკიცებდეთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, გვაქვს უფლება, რომ ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი და რომ არავინ არ უნდა წყვეტდეს ჩვენს მაგივრად, რა არის ჩვენი გზა, რა არის ჩვენი ორიენტაცია. გეთანხმებით იმაში, რომ ეს არის შეიძლება ის ერთ-ერთი საკითხი, რომლის ირგვლივაც ყველანი ვართ გაერთიანებული და რატომღაც ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ამ გაჩაღებული პოლარიზაციის პირობებში, ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოება ვართ გაერთიანებული ამ საკითხის ირგვლივ. ალბათ, ჩვენი დიპლომატიის მთავარი მიზანი დღევანდელ დღეს და მისი მთავარი ვალდებულება არის, რომ ამ მიზანთან მიგვიყვანოს რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება ეფექტურად და ამისკენ იყოს ყველა ღონისძიება მიმართული. ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველა დიპლომატი, სადაც არ უნდა იყვნენ, არ დაიშურებენ ძალისხმევას, რომ ჩვენ ამ გზაზე ვიაროთ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ რაც მთავარია, რაც შეიძლება ეფექტურად. ასევე, მათი მეორე გამოწვევა არის ჩვენი ძალიან მტკივნეული ოკუპაციის საკითხი. საზღვარგარეთ ჩვენი ელჩები არიან ისინი, ვინც მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ჩვენ არ შევეგუებით. მე იმედი მაქვს, რომ მოვა დრო მათთვის უფრო აქტიური ჩარევის. ჟენევა არის ერთი ადგილი, რომ დეოკუპაცია იქნება ერთ დღეს და წარმატებულად წარმართავენ ამ საკითხსაც. მაგრამ დღეს მთავარია, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით და ყველა ჩვენმა პარტნიორმა თუ არაპარტნიორმა, ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ერთიანი საქართველოს ხმა და ეს ხმა ყველგან ისმოდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, დღეს ქართული დიპლომატია ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ბევრი აქვს საბრძოლველი.

„ახალი გამოწვევებიც გვაქვს ბევრი. ერთი არის ის, რომ რაოდენობრივად ძალიან გაიზარდა ჩვენი დიასპორა. მასთან ურთიერთობის შენარჩუნება და ის, რომ დიასპორა იყოს დაკავშირებული ქვეყანასთან და ერთად ვმუშაობდეთ ყველა ჩვენი მიმართულებით. ესეც არის ერთ-ერთი საკითხი, რაც ევალებათ ჩვენს საელჩოებს. ცხადია, არის სხვა გამოწვევები. ერთის მხრივ, გლობალური ახალი გამოწვევები. ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად იყო ჩართული ჩვენი ყველა საელჩო პანდემიის დროს სხვადასხვა კუთხით. ჯერ ტესტირება, შემდეგ ვაქცინები, ჩვენი დიასპორის დაბრუნება. ძალიან უცებ ბევრი ახალი პრობლემა შეიქმნა და ძალიან ბევრი ახალი მეთოდები, რომ დაეძლიათ ეს პრობლემები. ეკონომიკა რჩება ჩვენს დიდ გამოწვევად, ინვესტორების მოზიდვა ქვეყანაში, ესეც არის მათი მისია. კულტურა საქართველოსი, ჩვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, ჩვენი თვითმყოფადობის გატანა გარეთ და ყველამ გაიგოს, რომ საქართველო არ არის ის ერთი პატარა ქვეყანა, სადღაც გადაკარგული, არამედ არის ქვეყანა ძველი ცივილიზაციით და თავის თავის მიმართ ძალიან სწორი გაგებით, თუ რას წარმოადგენს მსოფლიოსთვის, რომ მას შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში.

ასე რომ, დღეს ჩვენს დიპლომატიას აქვს საბრძოლველი, რადგან ეს ბრძოლაა და წინა ხაზზე დგას დიპლომატია. ყველა კუთხით უნდა იყვნენ ტექნიკოსები, უნდა იყვნენ ეკონომისტები, უნდა იყვნენ კულტურის მატარებლები, ისტორიკოსები, ენის მცოდნე და ა.შ. ეს მრავალფეროვნება ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვითხოვთ ჩვენი დიპლომატებისგან და მგონია, რომ იმაზე მეტსაც ვითხოვთ. მინდა, ეს სიტყვები წავართვა პოეტს, რომ „ხომ ლამაზია ჩემი ცოლი, მაგრამ მე კიდევ უფრო ლამაზი მინდა”, – კიდევ უფრო ლამაზი დიპლომატია მინდა, კიდევ უფრო ეფექტური, რადგან კიდევ ძალიან ბევრი საქმეა, რომელსაც სჭირდება მეტი რესურსი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.