სახელმწიფო დეპარტამენტი - საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია, თუმცა არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ
სახელმწიფო დეპარტამენტი - საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია, თუმცა არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ

საქართველო, რომელიც დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაჯვარედინზე მდებარეობს, არის პატარა, მაგრამ ღია ბაზარს წარმოადგენს, რომელიც სარგებელს იღებს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმისა და ტრანსპორტირებიდან, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მგრძნობიარეა გლობალური თუ რეგიონული შოკების მიმართ, საქართველომ 1991 წლიდან გაატარა მასშტაბური ეკონომიკური რეფორმები, რამაც ის მიიყვანა შედარებით კარგად ფუნქციონირებად და სტაბილურ საბაზრო ეკონომიკამდე.

„2005-2019 წლებში ეკონომიკის ზრდის ტემპი საშუალოდ 5%-ს შეადგენდა და საქართველოს რეიტინგი საგრძნობლად გაუმჯობესდა გლობალური ბიზნესის, მმართველობის, კორუფციისა და სხვა ინდექსებში. საქართველო მეშვიდეა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2020 წლის ინდექსში, მეთორმეტეა „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის“ 2021 წლის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში, მერვე ადგილზეა ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში და 45-ეა „თარნსფერესი ინთერნეშენელის“ კორუფციის აღქმის ინდექსში. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალ დეფიციტსა და ინფლაციაზე და მცურავ გაცვლით კურსზე, თუმცა ამ უკანასკნელზე იმოქმედა რეგიონულმა მოვლენებმა, მათ შორის რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებამ და სხვა საგარეო ფაქტორებმა, როგორიცაა დოლარის გაძლიერება“,- აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიამ წარსული მონაპოვარის ნაწილი გააქარწყლა და მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა ეროვნულ ვალუტასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე.

„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს ექვსი პროცენტით შემცირდა, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს აქვს მტკიცე მაკროეკონიმიკური ჩარჩო, მიმზიდველი ბიზნეს გარემო და სახელმწიფო ფინანსების მართვის სანდო მექანიზმები, რაც როგორც ნავარაუდებია, ხელს შეუწყობს პოსტ-კოვიდურ აღდგენას. საქართველოს სახელმწიფოს მართვის მონაცემები, როგორც წესი, აღემატება ევროპისა და ცენტრალური აზიის, ასევე საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მონაცემებს.

საქართველოს მთავრობის 2021-2024 წლების პროგრამა ევროპული სახელმწიფო მშენებლობისთვის, რომელიც 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებს, რაც მისცემს საშუალებას ქვეყანას, სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს 2019-2020 წლის ეკონომიკურ პოზიციებს. ის ხაზს უსვამს მთავრობის ვალდებულებას, დაიცვას კერძო საკუთრების უფლება და ბიზნესისთვის კეთილგანწყობილი გარემო, ისეთი, როგორიცაა დაბალი გადასახადები და ასევე დაპირება, ინვესტიციები დააბანდოს ადამიანურ კაპიტალში და მისწრაფება მთელ ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის მისაღწევად. აღნიშნულ პროგრამაში ასევე აღნიშნულია საქართველოს გეოგრაფიული პოტენციალი, როგორც სავაჭრო და ლოჯისტიკური ჰაბისა ახალ აბრეშუმის გზაზე, რომელიც კავკასიის გავლით აკავშირებს აზიასა და ევროპას.

საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია. თუმცა, არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ დამოუკიდებლად და დროულად გამოიტანოს კომპეტენტური გადაწყვეტილება კომერციულ საქმეებზე. ზოგიერთი საქმე წლების განმავლობაში რჩება სასამართლოში. სხვა კომპანიები ჩივიან გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური პროცესის გამო, მუნიციპალურ დონეზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხარვეზებზე, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის დანაკლისზე, პოლიტიკური ჩარევის ბრალდებებზე, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის კომერციული კანონების და ასევე კერძო საკუთრების შესახებ დავების მოგვარების დროს გამოვლენის სირთულეებზე. საქართველოს მთავრობა მუშაობს ამ საკითხების გადაჭრაზე და მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერია, როგორც კარგი ადგილი ბიზნესისთვის.

აშშ და საქართველო მუშაობენ ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციების მოცულობის გაზრდაზე, რაც უმაღლესი დონის დიალოგის ფარგლებში ხდება აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობის კომისიის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფების საშუალებით. აშშ-მა და საქართველომ ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას ხელი 1994 წელს მოაწერეს და საქართველოს უფლება აქვს ტარიფების გარეშე მოახდინოს ბევრი პროდუქტის ექსპორტი აშშ-ში“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„საქართველომ მნიშვნელოვანი არასტაბილურობა გამოიარა პოსტსაბჭოთა პერიოდში. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1991 წელს იყო სამოქალაქო ომი და სეპარატისტული კონფლიქტები, რომელიც რუსეთის საზღვრის გასწვრივ გაღვივდა საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რეგიონში დაძაბულობა დასრულდა მოკლე ომით რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. რუსეთი აგრძელებს ამ რეგიონების ოკუპაცია, და ცენტრალური მთავრობას არ აქვს ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიებზე. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობას. დაძაბულობა კვლავაც არსებობს ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ, თუმცა ეს არ ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას საქართველოს სხვა ნაწილებზე, მათ შორის თბილისზე“,- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრანზიტი და ლოჯისტიკა არის პრიორიტეტული სექტორები, რადგან საქართველო ცდილობს მიიღოს სარგებელი აღმოსავლეთ/დასავლეთის გაზრდილი ვაჭრობიდან.

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ გააძლიერა საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივა და მთავრობა ეძებდა გზებს ვაჭრობის გასაძლიერებლად. 2016 წელს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობის კონტრაქტი გადასცა საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფს, მათ შორის იყო ამერიკული კომპანია, მაგრამ 2020 წელს მთავრობამ გაწყვიტა კონტრაქტი ჯგუფთან ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების შესახებ. ინვესტორების ჯგუფი ამტკიცებს, რომ მთავრობის ქმედებებმა, რომლებიც მიმართული იყო პროექტის წინააღმდეგ, გამოიწვია ფინანსური სირთულეები და კონტრაქტის საბოლოო გაწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ერთგულია, ინვესტორები და ადგილობრივი ბიზნესლიდერები ამას ეჭვქვეშ აყენებენ. პარალელურად, ლოჯისტიკურმა და პორტების მმართველმა კომპანიებმა ფოთსა და ბათუმში დაიწყეს ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარება და გაფართოება. 2020 წელს ლოჯისტიკური კომპანიები დაასრულებენ ორი ახალი ტერმინალის პროექტს და მესამე კი კვლავ რეალიზაციის პროცესში იქნება – მულტიმოდელური ტერმინალი ბათუმში, ახალი ტერმინალები და გაზრდილი საცავი ფოთში, რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე დიდი პორტია და რომელიც გეგმავს ღრმაწყლოვანი შესაძლებლობების განვითარებას“,- ნათქვამია ანგარიშში.