სახალხო დამცველმა ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის პროცესუალურ ხარვეზებზე საუბრობს.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას სასამართლოს ინსტიტუციის მიმართ და არ განიხილავს გიორგი მამალაძის ბრალეულობისა და მტკიცებულებათა შეფასების საკითხს, რაც მხოლოდ მოსამართლის კომპეტენციას განეკუთვნება.
„ე.წ. ციანიდის საქმემ 2017 წელს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, თუმცა გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა. სახალხო დამცველის აპარატი ერთადერთი ნეიტრალური ორგანო იყო, რომელმაც სასამართლო პროცესის მონიტორინგი განახორციელა.
სახალხო დამცველის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სასამართლო სხდომები არსებითი საპროცესო ხარვეზების გარეშე წარმართა, შეუძლებელი გახდა გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევების გამოსწორება, რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
სახალხო დამცველმა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად შეაფასა სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა მიერ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. გარდა ამისა, საჯარო პირთა წინასწარმა განცხადებებმა ხელი შეუწყო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე ბევრად ადრე, შექმნილიყო საზოგადოებრივი განწყობა გიორგი მამალაძის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.
დაცვის მხარე არათანაბარ პირობებში ჩააყენა ადვოკატებისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებამ, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, არ ემსახურებოდა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს და ზედმეტი და არასაჭირო შეზღუდვა იყო ბრალდებულისათვის. მხარეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა უფრო თვალსაჩინო იყო იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავარი პროკურატურა ასაჯაროებდა საქმეში არსებულ მთავარ მტკიცებულებებსა და მოწმეთა ვინაობას“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
მისივე თქმით, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად არ მისცეს აეროპორტის ვიდეოჩანაწერების მოპოვების საშუალება, რაც საქმისთვის მნიშვნელოვანი ნეიტრალური მტკიცებულება იქნებოდა.
„პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დაცვის მხარეს მოესპო შესაძლებლობა ჩაეტარებინა საქმისთვის ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ექსპერტიზა.
ამ და სხვა ხარვეზების გამო, გამამტყუნებელ განაჩენში არ არის განხილული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
სახალხო დამცველი გააგრძელებს ე.წ. „ციანიდის საქმის“ სასამართლო პროცესის მონიტორინგს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პარალელურად კი იმედოვნებს, რომ პროკურატურის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაწყებული სხვა გამოძიებები მიუკერძოებლად და ეფექტიანად წარიმართება“, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.