თეა წულუკიანი - კარგია, თუ ჩემმა განცხადებამ დეპუტატი შალელაშვილი სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა
თეა წულუკიანი - კარგია, თუ ჩემმა განცხადებამ დეპუტატი შალელაშვილი სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა

კარგია, თუ ჩემმა განცხადებამ დეპუტატი შალელაშვილი სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, დეპუტატ შალელაშვილზე ბევრი არაფერი სმენია.

„დეპუტატ შალელაშვილის შესახებ ბევრი არაფერი მსმენია, მას არ ვიცნობ. მსმენია მხოლოდ ის, რასაც მედია ავრცელებდა, რომ რეალურად ეს არის პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის.

კარგია თუ ჩემმა განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ავირჩიოთ. ყველა დეპუტატს მართლაც მისგან განსხვავებით, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, ვუსურვებ ნაყოფიერ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი ომბუდსმენი იყოს პასუხისმგებლიანი და მართლაც ამ პატივსაცემ საკონსტიტუციო ინსტიტუტს ვეღარავინ აკადროს ზედაპირულობა, ტყუილი და მიკერძოება. 

რაც შეეხება ბატონ უჩას საქმიანობას, მე მისი შეფასება გუშინდელი ჩემი 17-წლიანი პროფესიული დაკვირვების შედეგის საჯაროდ განცხადებით არ დამისრულებია, ამ საქმიანობას კიდევ შევაფასებ, მანამ ის არის ომბუდსმენი და მერეც, როცა აღარ იქნება ომბუდსმენი და თუ მისი სურვილი იქნება, როდესაც ის შეწყვეტს ომბუდსმენობას, მზად ვარ, მასთან გავმართო საჯარო პოლიტიკური დებატი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

უმრავლესობის დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა სახალხო დამცველის შესახებ თეა წულუკიანის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა. 

მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო ომბუდსმენია.

დატოვე კომენტარი