უჩა ნანუაშვილი - ჯარჯი წიკლაურის ბრალდებები არის მცდელობა, გაამართლოს ის დარღვევები, რომლებსაც ე.წ. ციანიდის საქმეში, განსაკუთრებით გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ადგილი
უჩა ნანუაშვილი - ჯარჯი წიკლაურის ბრალდებები არის მცდელობა, გაამართლოს ის დარღვევები, რომლებსაც ე.წ. ციანიდის საქმეში, განსაკუთრებით გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ადგილი

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ბრალდებები არის მცდელობა, გაამართლოს ის დარღვევები, რომლებსაც ე.წ. ციანიდის საქმეში, განსაკუთრებით გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „ციანიდის საქმის“ პროკურორის ჯარჯი წიკლაურის ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, სადაც ის ომბუდსმენს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

„როდესაც პროკურატურას არ აქვს პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენ დავსვით, რა თქმა უნდა, ის გადადის ბრალდებებზე, რადგან სხვა გზა არ დარჩენია. პროკურორი იმასაც ამბობდა, სახალხო დამცველი პირადად რატომ არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებსო. მე არ ვიცი მთავარი პროკურორი რატომ არ ესწრება სხდომებს. ცნობილია, რომ ჩემი წარმომადგენლები ესწრებოდნენ პროცესებს და რამდენჯერმე მეც დავესწარი. ეს ბრალდებები არის მცდელობა, გაამართლოს ის დარღვევები, რომლებსაც ე.წ. ციანიდის საქმეში, განსაკუთრებით გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ადგილი. სწორედ პროკურატურა არის ის ორგანო, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის პასუხისმგებელი“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველმა გუშინ, 15 ნოემბერს ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. გუშინვე, ანგარიშს ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური გამოეხმაურა და უჩა ნანუაშვილის მონიტორინგის დასკვნაზე განცხადება გაავრცელა.