უჩა ნანუაშვილი - თეა წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველის რეპუტაციას არაფერს დააკლებს
უჩა ნანუაშვილი - თეა წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველის რეპუტაციას არაფერს დააკლებს

თეა წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველის რეპუტაციას არაფერს დააკლებს, – სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

როგორც ნანუაშვილმა განაცხადა, მინისტრის მხრიდან გაკეთებული ასეთი განცხადებები, პირველ რიგში, სახელმწიფოს აზიანებს.

„ამ განცხადებებით მნიშვნელოვანი ზიანი სწორედ სახელმწიფოს ადგება და ეს დიდი პრობლემაა. სახალხო დამცველსა და ჩვენს რეპუტაციას ასეთი განცხადებები არაფერს დააკლებს, ჩვენს საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს. მე ვფიქრობ, ეს არის პასუხი იმაზე, რომ ძალიან ბევრ სფეროში სერიოზული სისტემური პრობლემა დაგროვდა. ამ პრობლემებთან დაკავშირებით კი, გარკვეულ უწყებებს პასუხის გაცემა არ შეუძლიათ. მათ შორისაა ქალბატონი თეა, რომელიც როგორც სასამართლო სისტემას ასევე, პროკურატურის ორგანოებს კურირებს“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსნეებთ, სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. ომბუდსმენის ანგარიშს კრიტიკული განცხადებები მოჰყვა, როგორც იუსტიციის მინისტრის, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა ყველა კრიტიკულ განცხადებას უპასუხა.