სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით ციხეების ნაწილში ტარაკნები და ბაღლინჯოებია გავრცელებული
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით ციხეების ნაწილში ტარაკნები და ბაღლინჯოებია გავრცელებული

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში ციხეებში პრობლემური იყო საკნებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები.

დოკუმენტში წერია, რომ ვიზიტების დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა თავად იხილეს ტარაკნები და ბაღლინჯოები ფსიქოლოგების სამუშაო ოთახებში, საცხოვრებელ საკნებსა და სამარტოო საკნებში.

„გეგმური სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, წინა წლების მსგავსად, 2018 წლის განმავლობაში პრობლემური იყო საკნებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები №2, №8, №12, №14, №15, №17, №18 და №19 დაწესებულებებში. №2, №8, №15, №16, №N17 დაწესებულებებში გავრცელებულია მწერები. ვიზიტების დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა თავად იხილეს ტარაკნები და ბაღლინჯოები ფსიქოლოგების სამუშაო ოთახებში, საცხოვრებელ საკნებსა და სამარტოო საკნებში. ჯგუფის წევრებს არაერთმა პატიმარმა აჩვენა მწერის ნაკბენები“, – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ომბუდსმენი შეფასებით, 2018 წლის განმავლობაში პრობლემური იყო სათანადო ვენტილაცია, საკმარისი განათება და ყველა მსჯავრდებულისთვის პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლით დადგენილი 4 კვ.მ. მინიმალური პირადი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.

გარდა ამისა, არ შესრულებულა სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული წინადადება ბრალდებულების მინიმალურ საცხოვრებელ ფართად 4 კვ.მ.–ის განსაზღვრასთან დაკავშირებით. №17 დაწესებულებაში კვლავაც ფუნქციონირებს ძველი, ე.წ. ბარაკული ტიპის საცხოვრებლები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაუქმდეს.

დატოვე კომენტარი