ნინო ლომჯარია - საერთო ჯამში, განხილვით კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, მეტნაკლებად ამოვწურეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც სახალხო დამცველის ანგარიში ეხება
ნინო ლომჯარია - საერთო ჯამში, განხილვით კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, მეტნაკლებად ამოვწურეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც სახალხო დამცველის ანგარიში ეხება

საერთო ჯამში, განხილვით კმაყოფილი ვარ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში, ომბუდსმენის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

„60-მდე შეკითხვა დაისვა და ვფიქრობ, მეტნაკლებად ამოვწურეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ანგარიში ეხება. ასევე პოზიტიურად მინდა, შევაფასო ის ფაქტი, რომ პარლამენტის მხრიდან ანგარიშში წარმოდგენილი გაზიარების მაჩვენებელი გაიზარდა და 91 პროცენტი შეადგინა. იმედი მაქვს, რომ რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელიც გაიზრდება, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ დაბალია. ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება საჭიროა პარლამენტის მხრიდან.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დეპუტატი იყო კონსტრუქციულად განწყობილი და გამოხატავდა პატივისცემას ამ ინსტიტუტის მიმართ, მიმაჩნია, რომ კვლავ არის არასწორი მოლოდინები პოლიტიკოსებს შორის სახალხო დამცველის საქმიანობის თაობაზე. მთელ რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატები, სახალხო დამცველისგან მოითხოვდნენ რეაგირებას ისეთ საკითხებზე ისეთი შეფასებების გაკეთებას, რაც არ წარმოადგენს სახალხო დამცველის კომპეტენციას და არაერთი განმარტების გაკეთება მომიწია ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სამომავლოდ სასურველი იქნება, რომ დეპუტატები წინასწარ გაეცნონ სახალხო დამცველის ანგარიშს, რადგან შეკითხვები დაისვას იმ საკითხებზე, რაც ანგარიშში იქნება ნახსენები.

„ვფიქრობ და სასურველი იქნება, რომ ზოგადად, დეპუტატები, უფრო მეტად გაეცნონ წინასწარ ანგარიშს, რადგან დაისვას შეკითხვები ისეთ საკითხებზე, რაც იყო ანგარიშში ნახსენები. თუმცა გაკეთდა შეფასებები, რომ თითქოს ჩვენ ამ თემებს არ ვეხებოდით. ამიტომ, მომავალ წელს ჩვენ მზად ვართ, წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოებიც გავიაროთ დეპუტატებთან და მათ თუ ექნებათ რაიმე მიმართულებით ინტერესები ან კითხვები, მზად ვართ, მათ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ უფრო მეტად მომზადებულები შეხვდნენ აღნიშნული ანგარიშის განხილვას“,- განაცხადა ლომჯარიამ.

დატოვე კომენტარი