საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი - ქვეყნის მასშტაბით ციხეებზე თავდასხმები „ტერორისტულია“, მოხარული ვარ, რომ ეროვნულმა ანტიტერორისტულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი - ქვეყნის მასშტაბით ციხეებზე თავდასხმები „ტერორისტულია“, მოხარული ვარ, რომ ეროვნულმა ანტიტერორისტულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დერმანენის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ციხეებზე განხორციელებული თავდასხმები „ტერორისტული თავდასხმებია“.

მისივე თქმით, საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„მოხარული ვარ, რომ ეროვნულმა ანტიტერორისტულმა პროკურატურამ დაიწყო მოქმედება, რადგან ეს უკიდურესად სერიოზული საკითხია. ეს ტერორისტული თავდასხმებია“, – აღნიშნა დერმანენმა.

დერმანენის შეფასებით, „დაშინების აქტები ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ“ უკავშირდება მთავრობის ძალისხმევას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ეს შეიძლება იმიტომაც იყოს, რომ ჩვენ მათ სუსტ წერტილებში დავარტყით. პირველად ათწლეულების განმავლობაში, საფრანგეთი იღებს უკიდურესად სერიოზულ ზომებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ“, – განაცხადა დერმანენმა.

ღამით საფრანგეთის რამდენიმე ციხის გარეთ ავტომობილები დაწვეს, ხოლო ერთ-ერთი ციხის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს. მედიის ცნობით, თავდასხმები მოხდა ტულონში, მარსელში, ვალანსში, ლუინში, ვილპენტსა და ნანტერში.

სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა უფლებების დამცველმა პროფკავშირებმა მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვეს და მთავრობას მოუწოდეს, ციხეების თანამშრომელთა უსაფრთხოების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.