მიხეილ სარჯველაძე - რიგ საკითხებზე უსაგნო კამათის ნაცვლად, გავიზიარეთ სახალხო დამცველის რეკომენდაციები პრევენციის გაძლიერების მიზნით
მიხეილ სარჯველაძე - რიგ საკითხებზე უსაგნო კამათის ნაცვლად, გავიზიარეთ სახალხო დამცველის რეკომენდაციები პრევენციის გაძლიერების მიზნით

თუკი მხედველობაში მივიღებთ გარემოებას, რაოდენ დიდ გამოწვევებს წარმოქმნიდა კოვიდ პანდემია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, მაშინ გასაგებია სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის მნიშვნელობა, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით მსჯელობენ.

მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, პლენარულ სხდომაზე ანგარიშის მოსმენას წინ უძღოდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მისი განხილვა.

„საკმაოდ საფუძვლიანი ანალიზი და თანამშრომლობა გვქონდა როგორც სახალხო დამცველის აპარატთან, ისე დაინტერესებულ და ადრესატ უწყებებთან, რომელთა მიმართაც გაცემულია რეკომენდაციები. კომიტეტმა მოამზადა და დაამტკიცა დასკვნა, რომლითაც წარმოდგენილი ანგარიში შეფასდა და გამოიყო ის რეკომენდაციები, რომელიც რელევანტურია და რომელთა გაზიარება მიზანშეწონილია. მიუხედავად იმისა, რომ რიგ საკითხებთან მიმართებაში არ მიგვაჩნია სახალხო დამცველის კრიტიკული არგუმენტაცია საკმარისად დასაბუთებულად ან საფუძვლიანად (ასეთია, მაგალითად, ანგარიშის ის ფრაგმენტები, სადაც სახალხო დამცველი პენიტენციურ სისტემაში სუბკულტურის მომძლავრებაზე საუბრობს), რეკომენდაციები გავიზიარეთ სამომავლოდ პრევენციის გასაძლიერებლად ნაცვლად უსაგნო კამათისა იმის თაობაზე, დასაბუთებულია  თუ არა სახალხო დამცველის ანგარიშში შესაბამისი არგუმენტაცია“, -აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.