2017 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი
2017 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი

ზედამხედველობის ორგანოს კვლავ არ ენიჭება დამსაქმებელთან უპირობოდ დაშვების მანდატი, ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება კანონის მოქმედების გავრცელება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ 2017 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, სადაც ცალკე თავი „შრომის უსაფრთხოების მდგომარეობას“ ეთმობა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის აღნიშნული პრინციპული შენიშვნები გაუთვალისწინებელი დარჩა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი. ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა ასახოს და პრაქტიკაში განახორციელოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი კონვენციები, რომლებიც სახელმწიფოებს ავალდებულებს, იქონიონ შრომის ინსპექციის სისტემა მრეწველობასა და ვაჭრობის სფეროებში, არაკომერციულ სექტორში და სოფლის მეურნეობის სფეროში.

ამ კუთხით, წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება, რომლითაც იქმნება შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმი. მისასალმებელია, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება სანქციების გამოყენების უფლებამოსილება, თუმცა, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება კანონის მოქმედების გავრცელება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე.

ამასთან, ზედამხედველობის ორგანოს კვლავ არ ენიჭება დამსაქმებელთან უპირობოდ დაშვების მანდატი.

სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის აღნიშნული პრინციპული შენიშვნები გაუთვალისწინებელი დარჩა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხო შრომის სტანდარტი მოიცავდეს ყველა სამუშაო ადგილს, რათა არცერთი დასაქმებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დარჩეს დაცვის გარეშე. საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.