საგარეო საქმეთა სამინისტრო IDFI-ის პასუხობს
საგარეო საქმეთა სამინისტრო IDFI-ის პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI) პასუხობს, რომელმაც კვლევა გამოაქვეყნა.

„ჩვენ ყურადღებით გავეცანით ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტსიტუტის“ კვლევას, რომელიც მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯების განკარგვას ეხება და მათ შორის მოიცავს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 4 აგვისტოს შპს „ლენდ მარკ პროჯექტთან“ დადებულ ხელშეკრულებას თბილისში, ლეონიძის ქ N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობებზე საინჟინრო და არქიტექტურული პროექტის განხორციელებისათვის“, – აღნიშნულია   საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ზემოაღნიშნული მომსახურების შესყიდვისთვის თანხა  – 737 000 ლარი გამოეყო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს №1616 განკარგულების თანახმად.

„როგორც ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“  მოცემულ კვლევაში თავადაც აღნიშნავს, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული მომსახურების შესყიდვის დროს არ დაურღვევია შესყიდვების შესახებ კანონი, რადგან “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის პირველი მუხლის 3¹ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით განხორციელებულ შესყიდვაზე არ ხორციელდება ელექტრონული ტენდერი ან კონკურსი და შესაბამისად ეს პროცესი არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

უწყება აღნიშნავს, რომ  საგარეო საქმეთა სამინისტრომ შპს “ლენდ მარკ პროჯექტთან” ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩაატარა ბაზრის კვლევა აღნიშნული მომსახურების გაწევის ეფექტური სერვისის მოძიებისთვის. საპროექტო სამუშაოების მომსახურების შესყიდვისას კი, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი იყო მიმწოდებლის მაღალი კვალიფიკაცია.

„შესაბამისად კომპანიის შერჩევის უმთავრესი კრიტერიუმი გახლდათ არა თავად კომპანია, როგორც იურიდიული სუბიექტი, არამედ მასში დასაქმებული კვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც უნდა ჰქონდათ ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის პროექტების განხორციელების მდიდარი გამოცდილება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაც „კვალიფიკაციის დამადასტურებელ მოთხოვნებთან დაკავშირებით“ მიუთითებს ცოდნის/გამოცდილების მატარებელს წარმოადგენს არა კომპანია/საწარმო, არამედ კომპანიაში/საწარმოში დასაქმებული შესაბამის გამოცდილების/კვალიფიკაციის მქონე პერსონალი. მოცემულ შემთხვევაში შპს „ლენდ მარკ პროჯექტის“ ძირითადი სპეციალისტების სამუშაო გამოცდილება და სტაჟი სრულად აკმაყოფილებდა შემსყიდველის მოთხოვნებს. საგარეო საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად სამინისტროს სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე, რომელსაც არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს მოცემულ კომპანიასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ შესყიდვაში მონაწილე არც ერთ პირს მათი საქმიანობისას არ წარმოქმნია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტი“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.