კვლევის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეების 22%-ს ევროკავშირისთვის უფრო ძლიერი უფლებამოსილებების გადაცემა სურს, 46% კი ემხრობა საკუთარი ქვეყნის მიერ გადაწყვეტილებების გაძლიერებას
კვლევის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეების 22%-ს ევროკავშირისთვის უფრო ძლიერი უფლებამოსილებების გადაცემა სურს, 46% კი ემხრობა საკუთარი ქვეყნის მიერ გადაწყვეტილებების გაძლიერებას

ევროკავშირის მოქალაქეების 22 პროცენტს სურს ევროკავშირისთვის უფრო ძლიერი უფლებამოსილებების გადაცემა, 46 პროცენტი კი ემხრობა საკუთარი ქვეყნის მიერ გადაწყვეტილების მიღების გაძლიერებას, – ამის შესახებ აღნიშნულია „ევრონიუსისთვის“ მიერ ჩატარებულ „იფსოსის” კვლევაში, რომელიც ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებს უკავშირდება.

ევროკავშირის მასშტაბით 18 ქვეყანაში 25 000 ადამიანი გამოიკითხა. 6-9 ივნისს 400 მილიონი ადამიანი ევროპარლამენტის 720 წევრს აირჩევს. პროევროპული სენტიმენტები ყველაზე ძლიერია პორტუგალიაში, სადაც ყოველი მესამე (36%) უყურებს ბრიუსელს, რათა მოაგვაროს მთავარი გამოწვევები, მაშინ როცა საფრანგეთში ამომრჩეველთა 63 პროცენტს ურჩევნია გადაწყვეტილებების მიღება პარიზში.

კვლევის თანახმად, ევროკავშირის „მწვანეთა კოალიცია“ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ყველაზე მეტად არის ევროკავშირის მომხრე. ამის საპირისპიროდ, მემარჯვენე „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების” ამომრჩეველთა თითქმის ორ მესამედს (65%) და „იდენტობისა და დემოკრატიის ჯგუფის” ოთხ მეხუთედს (75%) სურთ, რომ პრობლემებს ცალკეული ქვეყნები წყვეტდნენ. ევროკავშირში მცხოვრები ახალგაზრდების (18-29) ერთ მეოთხედს სურს უფრო ძლიერი ევროკავშირი, მაგრამ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 20 პროცენტამდე ეცემა 50-64 წლის ასაკის ამომრჩევლებში.

„ევრონიუსი” წერს, რომ შედეგები ასახავს უფრო ფართო პროგნოზებს, რომლებიც აჩვენებენ გადაადგილებას პროევროპული მწვანე და ლიბერალური პარტიებიდან რადიკალური მემარჯვენეებისკენ, რაც, სავარაუდოდ, შეაფერხებს ბრიუსელის გადაწყვეტილების მიღების პროცესს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.