საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებიდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, 2019 წლის 2-3 აპრილს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, უკანონო დაკავებასა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე მის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დააყენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები. მათ ვრცლად ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე. აღინიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია და მუდმივი სამხედრო წვრთნები ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის  გაგრძელებაზე, რასაც ახლავს ადგილობრივი მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა საკუთარ მიწის ნაკვეთებზე და იწვევს ადგილზე დაძაბულობის სერიოზულ ესკალაციას.

კვლავ მწვავედ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ამასთანავე, თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალების გამო. ქართველმა მონაწილეებმა მოითხოვეს დეტალური ინფორმაციის გაზიარება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ობიექტური გარემოებების დადგენის მიზნით.

ამ ფონზე ხაზი გაესვა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, აღდგენის აუცილებლობას. თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს ერგნეთის იპრმ-ის აღდგენის ფაქტი და ხაზი გაუსვეს აღნიშნული მექანიზმების გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონირების საჭიროებას.

თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში იანვარ-თებერვალში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის, ეთნიკური დისკრიმინაციისა და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეშად დარღვევის საკითხები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და ეთნიკური ნიშნით შევიწროებას. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსიფიკაციის აქტიურ  პოლიტიკას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის იდენტურობაზე მიზანმიმართულ შეტევას წარმოადგენს. განხილულ იქნა აგრეთვე ეკოლოგიური პრობლემები, კერძოდ, სხვადასხვა მავნე მწერის გავრცელება, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს  და უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე.

მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის აუცილებლობას. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ძალის გამოყენებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების საჭიროებას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი საქართველოს წარმომადგენლებმა დასვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოდან გაყვანის აუცილებლობა.

„ძალის არგამოყენებისა და შესაბამისი საიმპლემენტაციო ზომების“ თემაზე გაიმართა აგრეთვე საინფორმაციო სესია, რომლის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების მაგალითები.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ დესტრუქციული მიდგომა გამოიჩინეს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის – ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვისას. კერძოდ, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები, აღნიშნულ თემაზე საგნობრივი დისკუსიის თავიდან აცილების მიზნით.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 2-3 ივლისს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.