ეუთო-ში აშშ-ის ელჩი - იმედგაცრუებული ვართ, რომ რუსეთმა და მისმა წარმომადგენლებმა პანდემია საბაბად გამოიყენეს, გადაედოთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები
ეუთო-ში აშშ-ის ელჩი - იმედგაცრუებული ვართ, რომ რუსეთმა და მისმა წარმომადგენლებმა პანდემია საბაბად გამოიყენეს, გადაედოთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები

2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალის შეჭრამ დაარღვია საერთაშორისო სამართალი და უგულებელყო ჰელსინკის დასკვნითი აქტით დაცული პრინციპები, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ძალის გამოუყენებლობის პრინციპები, – ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდმარეების მიმართვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„ეს არ შეიძლება განიხილებოდეს განცალკევებით და არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ქმედებები და სიმბოლო. ეს ქმედებები გვახსენებს ყირიმში ჩადენილ უკანონო ქმედებებს, რომელზეც დღეს, მოგვიანებით ვისაუბრებთ. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, ჩაატაროს მოლაპარაკებები იმ ნაბიჯების გამოსარკვევად, რაც გადაჭრის ამ კონფლიქტს, აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოაცილებს ამ საფრთხეს რეგიონულ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ამ ურთულეს პერიოდში.

თქვენი ამოცანა, წარმომადგენლებო, რომ ეს კონფლიქტი გადაგეჭრათ, არასდროს ყოფილა მარტივი და კიდევ უფრო გართულდა გლობალური კორონავირუსის პანდემიის გამო. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ რუსეთმა და მისმა წარმომადგენლებმა ეს პანდემია საბაბად გამოიყენეს, გადაედოთ ჟენევის კვარტალური საერთაშორისო მოლაპარაკებები. მე დღეს ყურადღებით მოვისმინე სამი წარმომადგენლის მოხსენება და დიდი აქცენტი კორონავირუსზე, მაგრამ არ შეიძლება, პანდემია გახდეს წინაღობა ან შეაჩეროს იმ პოლიტიკური და სამხედრო გამოწვევების მოგვარება, რომელსაც ეუთო-ს რეგიონში ვხედავთ. შეერთებული შტატები აფასებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის უნიკალურ როლს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების განხორციელებაში და ადგილზე უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს მოვუწოდებთ, 2020 წლის ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ, 10-11 დეკემბერს მოლაპარაკებების 51-ე რაუნდს შეუერთდნენ. რუსეთის ფედერაციის ქმედებები ამ საკითხში აღქმული უნდა იყოს როგორც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის, ქმედებებისა და მიზნების ერთიანი სურათის ნაწილი. ეს არ უნდა იყოს აღქმული როგორც ცალკეული შემთხვევა“,- აცხადებს გილმორი.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით გაიყვანოს ძალები ომამდელ პოზიციებზე და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა.

„სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა. რუსეთის პროვოკაციული ქმედებები არის მცდელობა, გააფართოვოს გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მშობლიური ქვეყნისგან, საქართველოსგან იზოლაციაში მოაქციოს. ამ აგრესიას კვლავაც აქვს პირდაპირი და უარყოფითი გავლენა ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე. კერძოდ, მოვუწოდებთ რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებებს გაათავისუფლონ დაკავებული სამოქალაქო პირები, მათ შორის ზაზა გახელაძე და აღადგინონ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ მიმოსვლა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და თვითნებურ დაკავებებზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ.

კმაყოფილი ვართ, რომ ივლისსა და სექტემბერში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები დადებით გარემოში ჩატარდა. ჩვენ ვემხრობით გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლებას. ამ ინსტრუმენტებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დაძაბულობის განმუხტვასა და კონფლიქტით გამოწვეული დარტყმის შემსუბუქებაში.

მოხარული ვიქნებოდით, საქართველოში ეუთო-ს საველე წარმომადგენლობის აღდგენით, რომელიც შეძლებდა ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ შეუფერხებელად მუშაობას. საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე სრული წვდომის მქონე ეუთოს მისია აუცილებელია დაძაბულობის შესამცირებლად შესაძლებლობების ხელშეწყობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აცხადებს ელჩი გილმორი.

ჯეიმს გილმორის განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე დღეს ანგარიშით წარდგნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები გაერო-დან, ეუთო-დან და ევროკავშირიდან, ჯიჰან სულთანოღლუ, რუდოლფ მიხალკა და ტოივო კლაარი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხსენებლებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და მის ფარგლებში არსებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) მნიშვნელობაზე და მწუხარება გამოთქვეს, რომ მიმდინარე წელს, პანდემიის გამო, ვერ მოხერხდა მოლაპარაკებების რაუნდის ჩატარება. მათ იმედი გამოთქვეს, რომ პირისპირ შეხვედრა დეკემბერში მოხერხდება.